Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2023 წლის მარტის მსგავსად, აპრილშიც თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა, გასაყიდი ფასი კვლავ იზრდება.
კომპანიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აპრილში თბილისში 2 537 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით 27%-ით ნაკლებია.
შესაბამისად, შემცირდა ბაზრის ზომა 22%-ით, $141 მილიონამდე.
დაიკლო ბინების გაყიდვებმა როგორც ახალ, ისე ძველ პროექტებშიც.
აპრილში, თბილისში ახალ კორპუსებში გაყიდვების 31%-იანი კლება დაფიქსირდა გასული წლის აპრილთან შედარებით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 18%-ით არის შემცირებული.
განსაკუთრებით არის შემცირებული მოთხოვნა ახალაშენებულ ეკონომსეგმენტის ბინებზე – 42%-ით, მედიუმ და პრემიუმსეგმენტში შემცირება შესაბამისად, 9% და 2%-ია.
კვლევა აჩვენებს, რომ მოთხოვნის კლება გასაყიდ ფასზე არ ასახულა. საცხოვრებელი ბინების ღირებულება აპრილში განსაკუთრებით გაიზარდა თბილისის გარეუბნებსა და ფართო ცენტრში -10%-ით; ქალაქის ცენტრში კი 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
გარეუბნებში ძველი ბინების ფასი 5%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში 2%-ით გაძვირდა, ქალაქის ცენტრში კი ფასმა 1%-ით დაიწია.