თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის პირველი მონაკვეთი წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობა მოიცავს ვაზიანის შემოვლითი გზის, ვაზიანი-საგარეჯოს დამაკავშირებელ და საგარეჯოს შემოვლითი გზის მშენებლობას.
პირველი მონაკვეთი წელს დასრულდება და შევა ექსპლუატაციაში, ხოლო დანარჩენი მონაკვეთები გაისად ჩაბარდება.
4-ზოლიანი, ცემენტ-ბეტონის საფარიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც გარე განათების სისტემით იქნება აღჭურვილი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527,170 მილიონ ლარამდე იქნება.
ახალი მაგისტრალი ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და თოხლიაურის კვანძთან დასრულდება.
მინისტრის თქმით, არის მონაკვეთები, რომლებიც მნიშვნელოვნად დაწინაურებულია. მაგისტრალის მშენებლობისას არის გამოწვევებიც, რაზეც კონტრაქტორ კომპანიებთან მუშაობა მიმდინარეობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია პირველი 35-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც უკიდურესად გადატვირთულია გაზრდილი ტურისტული ნაკადების პირობებში და სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული პროექტის წარმატებული დასრულება. ასევე, სამობილიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს და კონკრეტული სამუშაოებიც ნაწილობრივ დაწყებულია საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთზე. ამჟამად, მთლიანობაში, 828 მილიონი ლარის პროექტები ხორციელდება, რომელთა დასრულებაც წელს და გაისად ეტაპობრივად იგეგმება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის ნაწილია. ამჟამად გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.