„თბილისის მერია მარწუხებს გვიჭერს, – ამბობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია, – მერია აუღებელი ციხესიმაგრეა. მათთან ძალიან გვიჭირს კომუნიკაცია”.
როგორც ივა ჭყონია ამბობს, სადისტიბუციო ბიზნესი დედაქალაქის მერიასთან ორ ძირითად პრობლემაზე ცდილობს მოლაპარაკებას – სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილების დეფიციტსა და დიდი გამავლობის მანქანების გადაადგილების შეზღუდვაზე, რომლის შემოღებას თბილისის მერია 2024 წელს გეგმავს.
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, დედაქალაქში მხოლოდ 130 საპარკინგე ადგილია გამოყოფილი, რაც საკმარისი არ არის. სხვა ადგილებში გაჩერების შემთხვევაში კი სადისტრიბუციო მანქანებს, პარკინგის წესის დარღვევის გამო თბილისის პარკინგი აჯარიმებს.
„ნადირობა აქვთ დაწყებული დაჯარიმებაზე. კომპანიებს თვეში რამდენიმე ათასი ლარის გადახდა უწევთ. ეს ყველაფერი კი აისახება პროდუქციის ფასზე”, – ამბობს ივა ჭყონია.
მისი თქმით, სადისტრიბუციო ბიზნესი კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება, როცა ამოქმედდება შეზღუდვა, რომლითაც დისტრიბუცია 8-დან 11-საათამდე (2024 წლის 1 იანვრიდან) და 17-დან 20 საათამდე (2024 წლის 1 სექტემბრიდან) პერიოდში შეიზღუდება.
როგორც ცნობილია, თბილისის მერიის ინიციატივით M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დილის და საღამოს საათებში აიკრძალება. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის მოცულობა 1 000 ლარი იქნება, ხოლო განმეორებითი და ყოველი მომდევნო დარღვევა 3 000 ლარის ჯარიმით განისაზღვრება.
სადისტრიბუციო კომპანიები თხოვნით მიმართავენ თბილისის მერიას, დათმობაზე წავიდეს და მომარაგებისთვის მათ დილის საათები მაინც დაუტოვოს.
„იქნებ ამ დათმობაზე მაინც წავიდნენ და მოვერგოთ ამ გრაფიკს”, – ამბობს ივა ჭყონია.
რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიის წარმომადგენლები სადისტრიბუციო და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მაგრამ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
„შეზღუდულ გრაფიკში რითეილი ვერ შეძლებს ამ რაოდენობის სადისტრიბუციო მომარაგების მიღებას. დახლებზე დეფიციტი შეიქმნება”, – აღნიშნავს ივა ჭყონია.
მისი თქმით, არსებული შეზღუდვები ბიზნესს ხარჯებს გაუზრდის, რაც საბოლოოდ, მომხმარებელს პროდუქციას გაუძვირებს.