საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილება მიიღო. შედეგად, საქართველოში არსებული ავტოსადგურები სერტიფიცირებას დაექვემდებარებიან. მათ მგზავრების გადასაყვანად შესაბამისი ნებართვა დასჭირდებათ, რომელიც სახმელეთო სააგენტოს მიერ გაიცემა.
საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 83 ხმით 30 ნოემბერს დაამტკიცა.
ცვლილებების ინიციატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. უწყება განმარტავს, რომ ავტოსადგურებში სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები დაცული არ არის. უწყების ინფორმაციით, ავტოსადგურების ტექნოლოგიური აღჭურვილობა და სხვა მახასიათებლები ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
რა მოთხოვნები უნდა შეასრულონ ავტოსადგურებმა
კანონპროექტი ავტოსადგურების კლასიფიცირებას და მათ სერტიფიცირებას ითვალისწინებს.
ავტოსადგურებს კონკრეტული მოთხოვნების შესრულება დაევალებათ. კერძოდ, განისაზღვრება სამი კლასის ავტოსადგური. დიდ ქალაქებში პირველი კლასის ავტოსადგურები იქნება განთავსებული, პატარა მუნიციპალურ ცენტრებში არსებულ სადგურების მიმართ ნაკლები მოთხოვნები იქნება, თუმცა, ისინი თანამედროვე ვიზუალით და უსაფრთხოების პირობებით უნდა იყვნენ მოწყობილი. ავტოსადგურებში ელექტრონული ბილეთების სისტემა დაინერგება.
სადგურს გადამზიდველად საქმიანობა შეეზღუდება
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსადგური ხშირ შემთხვევაში თვითონ არის გადამზიდველი, რითაც ზღუდავს სხვა გადამზიდველებს, აწესებს მომსახურების მაღალ ტარიფს და გადამზიდველებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას სპობს.
ავტოსადგურების მესაკუთრეებმა და სხვა პირებმა მიითვისეს სამარშრუტო ქსელი, რომელთა თანხმობის გარეშე ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ის მეწარმე-გადამზიდველები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ახორციელებენ, არაკონკურენტუნარიან პირობებში აღმოჩნდნენ, რაც იწვევს მათ განდევნას სატრანსპორტო ბაზრიდან და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით მომუშავე ავტობუსის მფლობელი ინდივიდუალური პირებით ჩანაცვლებას“, – წერია განმარტებით ბარათში.
ასევე აღნიშნულია, რომ მგზავრების გადაყვანა ხდება დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალების მიერ, რომლებიც იყენებენ ძველ, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც რესურსი ამოწურული აქვთ.
„სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.
ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე – მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონში შეტანილი ცვლილებებით, შემოღებული იქნება ორი სახის ნებართვა – საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს საშუალება მიეცემა განახორციელოს როგორც საერთაშორისო რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.
ახალი წესები 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.