თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, აქციზის განაკვეთი 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირდეს. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი, რომელიც აღნიშნულ ცვლილებას ითვალისწინებს.
ინიციატორების განმარტებით, გადასახადების შემცირება დარგის განვითარების სტიმულირებისთვის, კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის და არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირებისთვის საჭირო ბერკეტია.
„აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც “საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
იმის გათვალისწინებით, რომ კანონის პროექტი აღნიშნულ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას ითვალისწინებს, ინიციატორთა მონაცემებით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად დაახლოებით 24 965 047.2 ლარით შემცირდება.
„თუმცა აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე მოხდება“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
რა თანხა შედის თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტში
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში აქციზიდან საკმაოდ დიდი მოცულობით თანხა შედის. მაგალითად, 2023 წელს წინა წელტან შედარებით როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული სიგარეტიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა 9,6%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს თამბაქოს აქციზიდან ხაზინაში შევიდა 1 032 296 073 ლარი, წინა წელს კი 941 814 697 ლარი.
ამავე მონაცემებით, 2023 წელს ადგილობრივი წარმოების თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტში აკუმულირებული თანხის მოცულობამ 47 034 623 ლარი შეადგინა, იმპორტირებულიდან კი 985 261 450 ლარი.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარში აქციზიდან მთლიანად შევიდა 177 897 617, აქედან თამბაქოს აქციზიდან შემოსავალმა 86 207 211 ლარი. შედეგად გამოდის, რომ ბიუჯეტში აქციზიდან შემოსავლის 48,4% სწორედ თამბაქოზე მოდის.