უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან შეტევისთვის.
„მართალი გითხრათ, სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, სრულიად განსხვავებული. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ეჭვი არ ეპარება უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებაში, მაგრამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებას დრო დასჭირდება.
მან ასევე დაამატა, რომ უკრაინამ შეიძლება მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადოს შეტევის დროს, რადგან რუსეთი ინარჩუნებს საჰაერო უპირატესობას, ხოლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საჰაერო თავდაცვის სისტემები არ გააჩნიათ.
„ჩვენ გვსურს, გვქონდეს გარკვეული დასავლური იარაღი, მაგრამ თვეების განმავლობაში ლოდინი არ შეგვიძლია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ხელისუფლება შეტევაზე 2022 წლის ბოლოდან საუბრობს. თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ ის გაზაფხულზე დაიწყებოდა, მაგრამ მოგვიანებით თარიღი შეიცვალა.
29 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უმაღლესი სარდლობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები უკრაინული ჯარების „გადაადგილების დროზე“.