საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებაზე პირველი მოსმენით დღეს იმსჯელა და მხარი დაუჭირა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ზამთრის პერიოდში ავტომობილებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულო ხდება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მძღოლებს მოეთხოვებათ, რომ ზამთრის პერიოდში, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზონებში, მაღალმთიან რეგიონებში და უმეტესად უღელტეხილებზე, სატრანსპორტო საშუალების ოთხივე ბორბალი ზამთრის საბურავით უნდა იყოს აღჭურვილი.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები – ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 5 ქულის დაკლება.
საბურავების ტექნიკურ პარამეტრებს საქართველოს მთავრობა დაადგენს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მძღოლებს განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ორ ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონის ვალდებულებაც ექნებათ.