შსს-ს “საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში” მონაწილე მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში კომპანია შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი იმარჯვებს.
ვის ეკუთვნის კომპანია და რა კავშირი აქვს ხელისუფლებასთან, ამის შესახებ კვლევას IDFI აქვეყნებს.
სპეცნაზის კვებითი მომსახურებისთვის კომპანია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 240,000 ლარს მიიღებს, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი 60,000 ლარს. ხელშეკრულება ძალაში 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით იქნება.
ხელშეკრულების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მოთხოვნიდან 12 საათის ვადაში უნდა დაამზადოს, მინიმუმ 5000 კომპლექტი, რომელშიც შედის:
– 1 ცალი სენდვიჩი ლორით და ყველით
– შოკოლადის ნაწარმი – ბატონის ტიპის
– გამაგრილებელი, გაზირებული, უალკოჰოლო სასმელი
კომპანიამ შსს-ს თითო კომპლექტის დამზადება 19 ლარად და 75 თეთრად შესთავაზა.
კომპანიას აქამდე ძირითადად სამედიცინო დაწესებულებების კვებით მომარაგების გამოცდილება ჰქონდა. მას 2020 წლის შემდეგ ჯამში 1,335,400 ლარის ტენდერები აქვს მოგებული.
ვინ არის კომპანიის მფლობელი?
კომპანიის დირექტორი ვალერიან ფუტკარაძეა, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოში “ქართულ ოცნებას” 40,000 ლარი შესწირა.
შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსის წილები შემდეგნაირად ნაწილდება:
– ნათია თავაძე, – 50%
– ზაზა სინაურიძე – 20%
– შალვა ნოზაძე, – 30%
ნათია თავაძე (ქორწინებამდე ფუტკარაძე) სადაზღვევო კომპანია“არდის“ დამფუძნებლის, არმაზ თავაძის მეუღლეა. არმაზ თავაძე 20-ზე მეტი კომპანიის მეწილეა.
არმაზ თავაძე და ვალერიან ფუტკარაძე სავარაუდო ნათესაურ კავშირთან ერთად, ბიზნესპარნიორებიც არიან. კერძოდ, ფლობენ წილებს შპს რუსთავის მეტალ კონსტრუქციების საწარმოში (50%-20%). კომპანიის დირექტორიც – ევგენი ჯიხვაძეც და დანრჩენილი 30%-ის მფლობელი – სულხან ხვედელიძეც “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. მათ ჯამურად პარტიას 2020-2024 წლებში 170 000 ლარი შესწირეს. ვალერიან ფუტკარაძე და არმაზ თავაძე სადაზღვევო კომპანია „ავტოგრაფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.
თავაძე X მოწვევის პარლამენტის წევრის და ე.წ. რუსულ კანონზე ხელმომწერი მილიონერი დეპუტატის – ავთანდილ ენუქიძის ბიზნეს პარტნიორიცაა. კერძოდ, ენუქიძე და თავაძე კომპანია “საავტომობილო ჰოლდინგი კავკასუს მოტორსის” 33.3%-ს ფლობენ.
არმაზ თავაძე მედიაჰოლდინგის „კომერსანტი“ დამფუძნებელი და მფლობელიცაა.
შპს ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსის 20% წილის მფლობელი ზაზა სინაურიძე კი “პინეოს” ექიმი მეან-გინეკოლოგი და პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელია. ფლობს შპს პინეო ლაქშარის 40%-ს. წლების განმავლობაში “პინეოს” წილს ფლობდა არმაზ თავაძეც.
შსს-მ კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა 28 ნოემბერსაც გამოაცხადა, როცა საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მაშინ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, შესყიდვა ჩაიშალა.
24 ნოემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით, შსს-მ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 13-ჯერ მიმართა თანამშრომელთა კვებაზე გამარტივებული შესყიდვის ნებართვის თხოვნით. აქედან 12 შემთხვევაში თანხმობა მიიღო – ჯამური ღირებულებით 1,162,050 ლარი. განხილვის ეტაპზეა 62 100 ლარის შესყიდვა.
როგორც IDFI-ის კვლევიდან ირკვევა, შსს-ს მოსამსახურეების საკვებით მომამარაგების ღია ტენდერში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი კომპანია, რომლის მმართველი პირები, დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან. ამასთან, ძირითად შემთხვევაში აქციების დროს სპეცნაზის და სხვა თანამშრომლების კვების მომსახურების შესყიდვა ხორციელდება პირდაპირი შესყიდვით, რომელთა ხელშეკრულებები დაფარულია.
IDFIმიიჩნევს, რომ ღია ტენდერებში მონაწილეობაზე დაბალი ინტერესის მთავარ მიზეზად შესაძლებელია განხილულ იქნას, შსს-ს თანამშრომელთა მიერ აქციების დარბევისას გამოჩენილი სისასტიკის შედეგად კომპანიებისთვის წარმოშობილი მორალური და საზოგადოებრივი წნეხი. ასევე, საერთაშორისო სანქციების საშიშროების მოლოდინი.