ფეხბურთელები მოედანზე უმეტესად ცნობილი ბრენდების Nike-ის, adidas-ის, Puma-ს წარმოებული სპორტული სამოსით გამოდიან, მაგრამ ეროვნულ ნაკრებებს ევრო-2024-თვის სხვა კომპანიებმა შეუკერეს.
პორტუგალიის ნაკრები – Sacoor Brothers
ყველაზე მდიდარი პარტნიორი პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს ჰყავს, მას სამოსს TAG Heuer და Louis Vuitton უკერავენ.
ხოლო პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ოფიციალურ ღონისძიებებზე პორტუგალიური ბრენდის Sacoor Brothers-ის მიერ შექმნილ სამოსს ატარებს.
ლისაბონში 1989 წელს დაარსებული ბრენდი მამაკაცის ტანსაცმელს კერავს. Sacoor Brothers პორტუგალიის ნაკრებისთვის ოფიციალურ სამოსს 2018 წლიდან ამზადებს.
თითოეული კოსტიუმი თითოეული მოთამაშისთვის ინდივიდუალურად იკერება, მასზე არის გუნდის ლოგო და მოთამაშის სახელი. საყელოს ქვეშ ამოქარგულია წარწერა “Conquista o Sonho” – “მიაღწიე შენს ოცნებებს”.
იტალიის ნაკრები- Adidas
2023 წლის 1 იანვრიდან, Adidas იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) ოფიციალური პარტნიორია. მან Emporio Armani ჩაანაცვლა.
ის უკერავს სამოსს და ფეხსაცმელს იტალიის ყველა ეროვნულ გუნდს (მამაკაცები, ქალები, ახალგაზრდები, პლაჟის ფეხბურთი).
ახალი კოლექციის დიზაინში Adidas-მა შეიტანა იტალიის გეოგრაფიული და კულტურული ელემენტები, რომელიც წარმოდგენილია იტალიის მრავალ ძეგლში.
ნაკრების მაისურები ტრადიციულად ლურჯი ფერიაა. ქსოვილზე ხელით ნამუშევარი დიზაინერული ელემენტებია. მაისურის საყელოს უკანა მხარეს არის სიტყვა “იტალია”, რომელიც მთლიანად რომაული გრავიურებით არის შესრულებული. იგივე მიდგომა გამოიყენეს მოთამაშეთა სახელების და მაისურების ნუმერაციის შექმნისას. სახელოები და საყელო გაფორმებულია ოქროს დეტალებით.
ინგლისის ნაკრები – Marks & Spencer
ინგლისელ ფეხბურთელებს Marks & Spencer-ის სამოსი აცვიათ. სწორედ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ბრიტანულმა ბრენდმა ევრო 2024-თვის დაამზადა 16 ცალი M&S X ENGLAND კოლექცია .
კოლექციის სახეები იყვნენ მარკუს რაშფორდი, აარონ რამსდეილი და კონორ გალაჰერი, მაგრამ კონსულტაციები კომპანიამ ყველა მოთამაშესთან გაიარა.
გერმანიის ნაკრები – Van Laack
კომპანიამ 2021 წელს გააფორმა ხელშეკრულება გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან(DFB), რომელსაც ვადა 2024 წლის ბოლომდე აქვს. Van Laack, რომელიც 1881 წლიდან არსებობს, დიდი ხანია დაინტერესებულია ფეხბურთით.
მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნა სპეციალური კოლექცია ლოგოთი, რომელშიც გამოსახულია ჰაინრიხი – კომპანიის თილისმა, სპორტულ ფორმაში, რომელიც ფეხბურთს თამაშობს.
მაისურებზე ოთხი ვარსკვლავია, რომლებიც გერმანიის მიერ მოგებული მსოფლიო თასების (1954, 1974, 1990 და 2014 წლებში) რაოდენობას გამოხატავს.
თურქეთის ნაკრები – Damat Twee
თურქეთის ნაკრები ადგილობრივი ბრენდის Damat Tween-ით იმოსება, რომელიც ORKA Group-ს ეკუთვნის.
მანამდე ბრენდი მადრიდის ატლეტიკოსთან თანამშრომლობდა და ამჟამად თურქეთის ნაკრების გარდა, სპორტულ სამოსს გალათასარაის და ფენერბაჰჩეს კლუბებს უკერავს.
საფრანგეთი – Smalto
ფრანგები, ისევე როგორც იტალიელები მოდის პარტნიორის გარეშე ვერ ძლებდნენ. 2013 წლიდან ისინი თანამშრომლობენ ფრანგულ ბრენდთან Smalto. ისინი ლურჯი ფერის ფორმებში არიან, რომელიც გუნდის ოფიციალური ფერია.
მათ ევრო 2024-თვის გუნდს შეუკერეს კოსტიუმები, რომლებიც დამზადებულია თხელი შალისგან, ასევე ლურჯი პერანგი, აბრეშუმის ჰალსტუხი, ვერცხლის ბალთიანი ტყავის ქამრით და ხელით შეკერილი ლურჯი ფეხსაცმლით. ქურთუკის შიგნიდან გულთან ორი ვარსკვლავია ამოქარგული, რაც საფრანგეთის მიერ მოგებული ორი მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლოა.
ნიდერლანდების ნაკრები – Cavallaro Napoli
ჰოლანდიური გუნდის ოფიციალური პარტნიორია ჰოლანდიური ფუფუნების მოდის ბრენდი Cavallaro Napoli.
ის ფეხბურთელებს 2018 წლის მარტიდან უკერავს. ისიც, ისევე როგორც მრავალი სხვა ეროვნული ნაკრების პარტნიორი (მაგალითად, ესპანეთი – elPupo), სამოსს უკერავს არა მხოლოდ მამაკაცთა, არამედ ქალთა ეროვნულ გუნდსაც.
ხელშეკრულება ძალაშია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის გუნდის ოფიციალური ფერი, ნარინჯისფერია, ტანსაცმლის ბრენდს არ მოეთხოვება ამ ფერში კოსტიუმების დამზადება. მან ევრო 2024-თვის ტრადიციული პიჯაკების ნაცვლად ტექსტილის ქურთუკები დაამზადა, ასევე მაისურები და პოლოები.
Cavallaro Napoli შედარებით ახალი ბრენდია, რომელიც 1999 წელს დაარსდა. ის ასევე თანამშრომლობდა ლონდონის არსენალთან.
საქართველოს ნაკრები – Macron
იტალიური კომპანია Macron საქართველოს ნაკრების პარტნიორი 2022 წელს გახდა. ნაკრების „საშინაო” და „საგარეო” სპორტული ფორმის ფერებია წითელი, შავი და თეთრი.
ნაკრების სამოსის ფერები, სიმბოლოები და ინოვაციური გრაფიკა წარმოადგენს ქართველ ხალხსა და ერს. წმინდა გიორგი (საქართველოს მფარველი წმინდანი), გადმოსცემს მოედანზე მოთამაშეთა ღირებულებებს, ხასიათსა და მისიას.
მაისურის საყელოს უკანა მხარეზე არის წარწერა „ძალა ჩემშია“, გზავნილი, რომელიც მფლობელს შთააგონებს საკუთარი თავის რწმენას და გადაწყვეტილებას, ითამაშოს გამარჯვებისთვის.
კიდევ ერთი დევიზი „მე ვარ საქართველო“ მაისურის ცენტრში, ვერტიკალური წითელი ზოლის ზემოთ არის დატანილი. ეს სიტყვები გამოხატავს თუ როგორ იზიარებს პასუხისმგებლობას მთელი გუნდი: მოედანზე ყველა თანასწორია და ყველას აქვს მთავარი როლი საერთო მიზნის მიღწევაში.
კომპანიის ლოგო მარჯვენა მხარეს არის ამოქარგული, ხოლო მარცხენა მხარეს გამოსახულია წმინდა გიორგისა და დრაკონის გამოსახულება.