ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ცხოვრება გაძვირდა. განსაკუთრებით გაიზარდა სურსათის ფასები საფრანგეთსა და ესპანეთში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საფრანგეთში, რომელიც ევროკავშირში ფრინველის ხორცის ყველაზე დიდი მომხმარებელია, ქათამი – ტრადიციული კერძის მთავარი ინგრედიენტი, გაძვირდა დაახლოებით 18%-ით, სტაფილო – 33,5%-ით, კარაქი – 23,9%-ით და ღვინოც კი, რომლის ფასი ყველაზე ნელა იზრდებოდა, წლიურად 8,4%-ით გაძვირდა.
გაიზარდა ცხოვრების ხარჯი. რამდენიმე თვის წინ საფრანგეთის მთავრობამ შემოიღო ეგრეთ წოდებული „ინფლაციის საწინააღმდეგო სასურსათო კალათა“, რომელიც დაახლოებით 50 ძირითადი პროდუქტისგან შედგებოდა და მსხვილ საცალო სავაჭრო ობიექტებს სთხოვდა, არ გაეზარდათ ფასები ამ პროდუქტებზე.
მაგრამ ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე საფრანგეთში ინფლაციამ რეკორდული ტემპით მოიმატა, უფრო სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ძირითადად, საკვების ფასების ზრდის გამო.
ინფლაცია ესპანეთში
ესპანეთის ეროვნული კერძის პაელას მომზადება ახლა 18,5%-ით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ერთი წლის წინ.
ზეითუნის ზეთი წლიურად 32,1%-ით გაძვირდა, ბოსტნეული და პარკოსნები – 27,8%-ით, ხოლო ერთ თვეში – 5,7%-ით. ბრინჯის ფასი წლიურად 22,1%-ით გაიზარდა.
გასული წლის გვალვის შედეგად, ზეითუნის ზეთის მოსავლიანობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო და შესაბამისად, ფასმაც მოიმატა.
ესპანეთში ბრინჯის გაძვირებასაც ელოდებიან 2022 წელს წარმოების 40%-ით შემცირების გამო, რაც რეკორდულად უარყოფითი მაჩვენებელია.