გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
შეჩერებულ პროექტებს შორის არის, მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება.
რაც შეეხება სხვა მიმდინარე პროექტებს, გერმანული მხარის განმარტებით, მათი გადახედვა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, მიიჩნევს, რომ “უნდა გაგრძელდეს პროექტები, რომლებიც უფრო მეტად სარგებელს მოუტანს პროევროპულ მოსახლეობას და რომლებითაც არსებულ პირობებშიც კი შესაძლებელი იქნება ევროპასთან დაახლოების გაგრძელება”.
სამინისტროს განცხადებით, ეს არის განვითარების მინისტრის სვენია შულცეს რეაგირება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დაახლოების გზიდან გადახვევასა და პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.
“გერმანიის განვითარების პოლიტიკის დიდი ნაწილი საქართველოში მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების წინსვლას, რაც ასევე დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამას საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტოდ აღარ აგრძელებს. ამავდროულად სისტემატიურად ირღვევა ადამიანის უფლებები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტის შეჩერების მცდელობისას.
სწორედ ამიტომ, განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ 3 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით აღარ განაცხადოს თანხმობა საქართველოსთან განვითარების სფეროში თანმშრომლობის ახალი პროექტების დაფინანსებაზე და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გამოსაცდელი ვადით შეაჩეროს. 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეჩერება პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ურთიერთობების ამ გადახედვიდან გამომდინარეობს.
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ გერმანიამ 2024 წლის ზაფხულშივე დაიწყო დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ეს მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებს, კიბერუსაფრთხოების ტრენინგს ან ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სვენია შულცემ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალადობა მოსახელობის მიმართ და დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონსტიტუციით გამყარებულ გზას”,– წერია განცხადებაში.