2024/25 წლის სეზონისთვის ევროპაში ვაშლის მოსავალი შემცირებულია. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა ცუდ მოსავალს უჩივის, რაც ძირითადად არასტაბილურმა კლიმატურმა პირობებმა გამოიწვია.
ვაშლის და მსხლის მსოფლიო ორგანიზაციის(WAPA) პროგნოზით, ტოპ მწარმოებელ ქვეყნებში მოსავალი შემცირდება 11,3%-ით გასულ წელთან შედარებით და ჯამში 10,207,405 ტონას შეადგენს. ეს 13,6%-ით დაბალია წინა სამი წლის საშუალო მაჩვენებელზე. რაც შეეხება ძირითად ჯიშებს, Golden Delicious-ის წარმოება შემცირდება 10,2%-ით, 1,972,514 ტონამდე, ხოლო სიდიდით მეორე ჯიშის Gala-ს მოსავალი სავარაუდოდ დაიკლებს 11,1%-ით, 1,350,835 ტონამდე. Red Delicious-ის წარმოება 2.8%-ით გაიზრდება, ხოლო Idared-ის მოსავალი 2023 წელთან შედარებით 18.4%-ით ნაკლები იქნება.
ევროპის ქვეყნების ვაშლის წარმოება წლების მიხედვით:
ბელგია
ბელგიაში შარშანდელთან შედარებით 34%-ით ნაკლებ ვაშლს მოიწევენ, იმის გამო, რომ ბოლო წლებში მისი ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. ბელგიელების პროგნოზით, წელს ევროპას დაახლოებით 11%-ით ნაკლები ვაშლი ექნება.
გერმანია
გერმანიაში ფართობების დიდ ნაწილზე შარშანდელზე ნაკლებ მოსავალს ელოდებიან. ბოდენზეს რეგიონი ერთადერთი ადგილია, სადაც ვაშლის მოცულობა გაზრდილია. გერმანიის სხვა რეგიონებში კლებაა. მოსავლის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 734 000 ტონა იქნება, რაც საკმარისი იქნება შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
საბერძნეთი
ზაფხულში მაღალმა ტემპერატურამ საბერძნეთში ვაშლის მოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა. ივლისში რამდენიმე დღის განმავლობაში 42 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ნაყოფის ზომაზე, თუმცა, არა მის ხარისხზე. პოლონეთი პოლონეთში ჯერ გვალვა და მაღალი ტემპერატურა იყო, რაც ძლიერმა წვიმებმა შეცვალა. ექსპორტიორები საკმაოდ არასტაბილურ სეზონს ელიან. ფასები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ვაშლის სეზონის დასაწყისში იყო. მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში წელს ვაშლი დაახლოებით 20%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე 2023 წელს.
იტალია
იტალიაში ვარაუდობენ, რომ 2024/25 წლების სეზონზე ვაშლის მოსავალი 2 მილიონ ტონაზე მეტი იქნება, რაც 1%-ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. მოსალოდნელია წარმოების შემცირება ალტო ადიჯში (-9%) და ტრენტინოში (-7%) გაზაფხულის ყინვების გამო. სხვა რეგიონებში ზრდას ელოდებიან. Golden Delicious-ის სახეობის ვაშლის მოსავალი წელს 10%-ით დაეცა, 631 714 ტონამდე. ნავარაუდევია, რომ Red Delicious-ის წარმოება 5%-ით გაიზრდება და 183,265 ტონას მიაღწევს. Granny-ის წარმოება 18%-ით გაიზრდება და რეკორდულ 55,662 ტონას მიაღწევს. Fuji 159,422 ტონა იქნება და მხოლოდ +1%-ით გაიზრდება, ხოლო Cripps Pink, შარშანდელთან შედარებით 2%-ით შემცირდება. პირველადი კვლევების მიხედვით, ნაყოფის ხარისხი მაღალია.
საფრანგეთი
საფრანგეთში უკეთესად აქვთ საქმე. მოსავალი სტაბილურია და იმედოვნებენ, რომ ფრანგი ექსპორტიორები ევროპაში არსებული დეფიციტით ისარგებლებენ და კარგ შემოსავალს მიიღებენ. ქვეყანაში შედარებით შემცირებულია Granny Smith-ის სახეობის ვაშლის წარმოება, ის 26,3%-ით ნაკლები მოვიდა 2023 წელთან შედარებით. Pink Lady-ის წარმოება 5%-ით დაეცა.
საფრანგეთმა დაიბრუნა ბაზრის წილი ევროკავშირში, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში.
ესპანეთი
ესპანეთი უმსხვილესი მწარმოებელ რეგიონში. კატალონიაში წელს 268,770 ტონას მოკრეფენ, რაც 13%-ით ზრდას ნიშნავს 2023 წელთან შედარებით. სახეობების მიხედვით ზრდა ასეთი იქნება: Fuji (+6%), Granny Smith (+14%) and Gala (+11%).
ავსტრია
ავსტრიაში წელს მოსავლის სავარაუდო მოცულობა 59 000 ტონა. შარშანდელთან შედარებით მოსავალი თითქმის განახევრდება. წინასწარი შეფასებით, ექსპორტი შემცირდება და ქვეყნიდან გასატანად მხოლოდ 10 000 ტონა დარჩება.
აშშ
2023/24 წლების რეკორდული მოსავლის შემდეგ, 2024/25 მოსავლის წლისთვის აშშ-ში ვაშლის წარმოება 10,1%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით.
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მიჩიგანის და პენსილვანიის შტატებში ვაშლის მოსავალი გასული წლის დონეზე იქნება.
დასავლეთის სანაპირო: ვაშინგტონში მოსავალი 9%-ით შემცირდა. ნაკლები მოსავალი იქნება ბრიტანეთის კოლუმბიაში, სადაც უდიდესი კოოპერატივი მოულოდნელი დაიშალა, რომელიც 300-ზე მეტ მწარმოებელს აერთიანებდა.
ჩინეთი
ყოველწლიურად 44,4 მილიონი ტონა ვაშლის წარმოებით, ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ჩინეთში ვაშლის ბაზარი შედარებით სტაბილურია. წელს ქვეყანაში მოსავლის მცირე შემცირებას ვარაუდობენ.
ქვეყანაში წელს იმპორტის მოცულობის მცირე კლებაა. ახალი ზელანდიიდან ვაშლის იმპორტი უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში, რადგან ზოგიერთმა იმპორტიორმა ვერ გაიარა საბაჟო კონტროლი.
ვაშლის ფასი რამდენიმე თვის წინ დაბალი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში, მიწოდების შემცირების გამო, გაიზარდა. რაც შეეხება შიდა წარმოებას, ის გაზრდილია.
საქართველო
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ წელს ვაშლის უხვ მოსავალს ელოდებიან. წარმოება დაახლოებით 120,000 ტონის ფარგლებში იქნება, საიდანაც, სავარაუდოდ, 40-50 ათას ტონამდე, არასტანდარტული ვაშლია.
არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას წელსაც ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებენ. იმ საწარმოებს, რომლებიც გადაიხდიან 1კგ ვაშლზე არანაკლებ 24 თეთრს, ბიუჯეტი 10 თეთრის სუბსიდიას გადაუხდის. 2023 წელს საქართველოში ვაშლის წარმოება შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შარშან ქვეყანაში სულ 50,4 ათასი ტონა ვაშლის მოსავალი მოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 34%-ით ნაკლებია. ვაშლის მოსავალი წლების მიხედვით: 2023 წელი- 50,4 ათასი ტონა; 2022 წელი- 76,7 ათასი ტონა; 2021 წელს- 73.7 ათასი ტონა; 2020 წელს – 89 ათასი ტონა.