საქართველოში ვაშლის წარმოება მცირდება.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში სულ 50,4 ათასი ტონა ვაშლის მოსავალი მოვიდა. წინა წელს მოსავალმა 76,7 ათასი ტონა შეადგინა. კლება 34%-ს შეადგენს.
ვაშლის მოსავალი წლების მიხედვით:
2023 წელი- 50,4 ათასი ტონა;
2022 წელი- 76,7 ათასი ტონა;
2021 წელს- 73.7 ათასი ტონა;
2020 წელს – 89 ათასი ტონა.
რატომ მცირდება ვაშლის მოსავალი?
ვაშლის მოსავლიანობა საქართველოში დაბალია, რასაც მოძველებული ბაღების სიმრავლე განაპირობებს.
ბაღების დიდი ნაწილი ვაშლის ძველ ჯიშებს უკავია, რომლებიც მცირე და დაბალი ხარისხის პროდუქტს იძლევა.
ახალი გაშენებული თანამედროვე ბაღების წილი, სადაც მოსავლიანობა მაღალია, ჯერ კიდევ ძალიან მცირეა.
დაბალ და უხარისხო მოსავალს ემატება შენახვის პრობლემა. ქვეყანაში შესანახი სამაცივრე მეურნეობები დეფიციტურია. ამასთან, მცირე ფერმერების უმრავლესობა ვაშლს ისევ სახლის პირობებში ინახავს.
ვაშლის ექსპორტ-იმპორტი
ქვეყანაში მოწეული ვაშლი ადგილობრივ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ მაღალია იმპორტის მაჩვენებელი. არასეზონზე ქვეყანა უმეტესად უცხოეთიდან შემოტანილ ვაშლზე ხდება დამიკიდებული. ვაშლის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნებია უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა.
2023 წელს ქვეყანაში $1,553 მილიონის ღირებულების ვაშლის იმპორტი განხორციელდა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში კი იმპორტმა $4,280 მილიონს მიაღწია.
ვაშლის იმპორტი წლების მიხედვით:
2020 წელი- $4,491 მლნ.
2021 წელი- $1,505 მლნ.
2022 წელი- $2,473 მლნ.
2023 წელი- $1,553 მლნ.
წარმოების კლების შესაბამისად, მცირდება საქართველოდან ადგილობრივი ვაშლის ექსპორტიც.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში კლება 81%-ს შეადგენს.
წელს 5 თვეში ქვეყნიდან $864.5 ათასის ვაშლი გავიდა, მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში პროდუქტის ექსპორტის მოცულობა $4.767 მლნ-ს შეადგენდა.
ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. როგორც წელს, ასევე შარშან ვაშლის უდიდესი ნაწილის ექსპორტი რუსეთში განხორციელდა. კერძოდ, 2024 წლის ხუთ თვეში რუსეთში გავიდა $821.4 ათასის ღირებულების ვაშლი, რაც მთლიანი ექსპორტის 95%-ს შეადგენს. მცირე რაოდენობით ქართული ვაშლი გავიდა სომხეთსა და ყაზახეთში, შესაბამისად, $35.1 ათასისა და $8 ათასის ღირებულების.
რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-მაისსს, 98%-ზე მეტი რუსეთში გაიყიდა – $4.687 მლნ-ს ღირებულების. ამასთან, $28.1 ათასის გავიდა ყაზახეთში, $21.6 ათასის – სომხეთში, $18.7 ათასის – არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და $12 ათასის აზერბაიჯანში.