ვაშლი იმ პროდუქტების ჩამონათვალშია, რომელიც 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტად გაძვირდა.
საქსტატის ბოლო, მარტის მონაცემებით, პროდუქტზე ფასმა წლიურად 44,75%-ით მოიმატა. პროდუქტზე ფასის ზრდა ერთი მხრივ, ადგილობრივი წარმოების სიმცირეს, მეორე მხრივ, გაძვირებულ იმპორტს უკავშირდება.
ოფიციალური მონაცემებით, თუ შარშან საქართველო ერთ კილოგრამ ვაშლს 42 ცენტად ყიდულობდა, წელს იმპორტი 47,5 ცენტი უჯდება.
უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში შემოვიდა $193.2 ათასის 463.2 ტონა ვაშლი, წელს ანალოგიურ პერიოდში კი $396.2 ათასის ღირებულების 835.1 ტონა.
ზრდა 105%-ს შეადგენს.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელს პირველ ადგილზე თურქეთია, სადაც $140.4 ათასის ღირებულების 310.9 ტონა ვაშლი ვიყიდეთ; მეორე ადგილზეა უკრაინა – $94.79 ათასის ღირებულების 215.1 ტონა; სამეულშია ირანი $82.9 ათასის ღირებულების 197 ტონით.
ფასი გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტის შემთხვევაშიც. თუ შარშან ერთი კილოგრამი ქართული ვაშლი უცხოეთში 64 ცენტად გავიდა, წელს მისმა ფასმა 69 ცენტამდე მოიმატა.
აღსანიშნავია, რომ წელს ვაშლის ადგილობირივ ექსპორტი 67%-ით არის შემცირებული.
კერძოდ, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში გავიდა $1.762 მლნ-ს ღირებულების 2 765 ტონა ვაშლი, წელს ანალოგიურ პერიოდში კი $571.23 ათასის ღირებულების 830.6 ტონა.
წელსაც, როგორც შარშან ვაშლის ექსპორტის 99% რუსეთში განხორციელდა, მინიმალური მოცულობის კი სომხეთში გავიდა. 2023 წელს რუსეთში $1.759 მლნ-ს ღირებულების პროდუქტი გაიყიდა, 2024 წელს კი $567.4 ათასის.