„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 261,773 ლარს შეადგენს.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) არის სახელმწიფო კომპანია, რომელიც ფლობს სამსაერთაშორისო და სამ ადგილობრივ აეროპორტს საქართველოში. UAG პასუხისმგებელია ყველასამოქალაქო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე და ყველა აეროპორტისათვის შესაბამისი საავიაციო უშიშროების მომსახურების გაწევაზე.
UAG ახორციელებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტისა და ამბროლაურის აეროპორტის ოპერირებას. ხოლო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერირებას ახორციელებს TAV საქართველო კონცესიისა და იჯარის ხელშეკრულებებით 2027 წლის იანვრამდე.
რამდენადაც საქართველო რეგიონში ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა საჰაერო მგზავრთა რაოდენობისა და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, დღის წესრიგში დგას დედაქალაქის აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობა. მოქმედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ქალაქთან ახლო მდებარეობის გამო, მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს შემდგომი განვითარებისა და გაფართოების თვალსაზრისით, როგორიცაა მიწათსარგებლობის შეზღუდვა და დაბრკოლებების არსებობა ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილში.
ავიამიმართულებებისა და მგზავრთნაკადის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარებისთვის საჭიროა სრულიად ახალი აეროპორტი. თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება ვაზიანის სამხედრო ბაზის ადგილას, რომელიც მდებარეობს თბილისის ცენტრიდან დაახლოებით 28 კილომეტრში, ხოლო არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 8 კილომეტრში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, როგორც დოკუმენტში წერია, ტენდერის მიზანია შეირჩეს სპეციალიზებული საავიაციო საკონსულტაციო კომპანია (შემდგომში „კონსულტანტი“), რომელიც შეიმუშავებს ყოვლისმომცველ ტექნიკურ დავალებებს და გაწერს შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს. ასევე ეს კომპანია უზრუნველყოფს ამოცანებისა და შესასრულებელი სამუშაოს მიწოდების ეტაპების განსაზღვრას სექტორის საუკეთესო პრაქტიკისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანია ვალდებული იქნება შეიმუშავოს აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმა და სხვა ტექნიკური კვლევების შეფასება. ასევე, უნდა აწარმოოს კვლევები გარემოზე ზემოქმედების კვლევებსა და სამშენებლო მოედნის მოწყობაზე. გარდა ამისა, კომპანიამ უნდა შეიმუშავოს აეროპორტის ინფრასტრუქტურის არქიტექტორული დიზაინი და ა.შ.
შეგახსენებთ, დედაქალაქში ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიური გასულ წელს დაიწყო. უკვე ზაფხულში მთავრობამ ახალი აეროპორტის მშენებლობის ლოკაციად სწორედ ვაზიანის სამხედრო აეროდრომი დაასახელა.
ცნობისათვის, ვაზიანის სამხედრო აეროდრომი 1940-იან წლებში შევიდა ექსპლუატაციაში. აეროდრომზე პირველი საბჭოთა საავიაციო შენაერთი 1942 წლის აგვისტოში გამოჩნდა. ვაზიანის აეროდრომის ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ იყო, ხოლო სიგანე- 60 მ.