რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება ორი ქვეყნის მთავრობების მიერ აღებულ ვალდებულებებში ბალანსის დაცვით ახსნა. ეს არაა გამწვავება, არამედ საუბარია „ბალანსის დაცვაზე იმ ვალდებულებებში, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებმა იკისრეს”,- თქვა ლავროვმა РБК-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ეს მხარეებს შორის შემდგარი შეთანხმებების შესრულებაა.
„არის შეთანხმებების პაკეტი, რომელიც სანქცირებულია პრეზიდენტების მიერ და დამტკიცებულია ორი ქვეყნის მთავრობების მიერ. ამ შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც რატიფიცირებულიც კია ორივე პარლამენტის მიერ, თითოეულ მხარეს აქვს თავისი ვალდებულებები, და ჩვენი აფხაზი მეგობრები ამას მშვენივრად ხვდებიან“, – თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის წარმომადგენლები სოხუმში თავიანთ კოლეგებთან შესაბამის სამუშაოს აწარმოებენ, მაგრამ მანამდე აუცილებელია აღებული ვალდებულებების შესრულება.
როგორც ცნობილია, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1 სექტემბრიდან დაფინანსება შეუჩერა, საუბარია დაახლოებით 141 მილიონ რუბლზე, რომელიც სოციალურ მიმართულებებს, მასწავლებლების, ექიმების და სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლების ხელფასებს ხმარდებოდა.