კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. აგვისტოში ფასების საერთო დონე წლიურად 1% გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 0.9% შეადგინა.
სებ-ის შეფასებით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნებას მეტწილად ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაციის ეტაპობრივი კლება განაპირობებს. ყოველივე ეს ეკონომიკაში გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზების ინდიკატორია, რაც თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია, როგორც გამკაცრების, ისე შერბილების მიმართულებით.
ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალია. თუმცა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი შედარებით სუსტია, რაც, სებ-ის შეფასებით, პოტენციური ზრდის დაჩქარებაზე მიუთითებს.
ეროვნული ბანკის არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.
თუმცა, არსებობს ინფლაციის რისკიც. საყურადღებოა მაღალი გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლოა ინფლაციური წნეხი წარმოქმნას. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები და საერთაშორისო ტრანსპორტირების გართულება კვლავ სახეზეა. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ გაურკვევლობა გაზრდილია, რაც იმპორტული საქონლის ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის. ამავდროულად, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, პოტენციალის ზრდასთან ერთად მაღალი საკრედიტო აქტივობაც ასტიმულირებს, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. შესაბამისად, შიდა ეკონომიკური აქტივობის ტენდენციებიც ინფლაციურ რისკებს შეიცავს.
ეროვნულმა ბანკმა განაკვეთი 8%-ზე დატოვა იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს.
„იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას განაგრძობს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო”,- აღნიშნულია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ანგარიშში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 23 ოქტომბერს გაიმართება.