ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25%-ით, 10%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
კომიტეტი გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზებით ხსნის:
ინფლაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, სამიზნე მაჩვენებელზე (3%) დაბალია და აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9%, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.5% შეადგინა.
საგარეო ფაქტორების როლი ინფლაციის ფორმირებაში მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნედლეულის ფასებმა იკლო და საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს.
სებ-ის შეფასებით, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები, ასევე, მნიშვნელოვნად განაპირობებს ინფლაციის კლებას. შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და აგვისტოში ის 6.1%- ს გაუტოლდა.
ინფლაციის პროგნოზი
სებ-ის პროგნოზით, წლის განმავლობაში, ადგილობრივი ინფლაციის კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. ამასთანავე, სახეზეა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხის განეიტრალების ადრეული ნიშნებიც. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტემპი გრძელვადიან პოტენციურ ეკონომიკურ ზრდას მიუახლოვდა.
ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივი 3%-ის დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მასთან ახლოს შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზე დაბალი ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების ნორმალიზებას უწყობს ხელს.
რისკები
თუმცა, სებ-ი მიიჩნევს, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ინფლაციური რისკები კვლავ მაღალია. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა სასაქონლო ბაზრებზე გაურკვევლობას ზრდის.
ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, საგარეო რისკებთან ერთად, ჯერ კიდევ საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც. მიუხედავად ერთობლივი მოთხოვნის დასტაბილურებისა, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა უცხოურ ვალუტაში დაჩქარდა. აღნიშნული ტენდენციის გაგრძელებამ მომავალში ინფლაციაზე დამატებითი წნეხი შეიძლება წარმოშვას.
ფრთხილი პოლიტიკა
ამ რისკების გათვალისწინებით, სებ-ი ფრთხილ პოლიტიკას ირჩევს და შესაბამისად, განაკვეთი მხოლოდ 0.25%-ით შეამცირა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას ის ნელი ტემპით გააგრძელებს.