2024 წლის 23 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა $60 მილიონი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7139 შეადგინა.
“სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო. ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას”,- განმარტავს სებ-ი.
ეროვნული ბანკი ბაზარზე ჩარევის აუცილებლობას ბოლო პერიოდში ლარის კურსზე გაზრდილი ზეწოლით ხსნის. მისი განმარტებით, ეროვნული ვალუტის კურსზე ზეწოლას სავალუტო ბაზარზე არსებული მოჭარბებული გაურკვევლობა აძლიერებს და ცალკეული მსხვილი ტრანზაქციებით არის გამოწვეული.
ასეთ შემთხვევებში სებ-ი ხელმძღვანელობს საკუთარი მანდატით და მონეტარული ინსტრუმენტებით, რითაც ხელს უწყობს ბაზრის მოლოდინებისა და ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მოლოდინების მილევასთან ერთად, სავალუტო ბაზარი ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდება.