ეროვნული ბანკი საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფინანსურს სანქციებს მათ მხოლოდ საქართველოს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დააკისრებს.
„საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი”,- წერია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ საერთაშორისო საფინანსო სანქციების შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“.
სებ-ი აღნიშნავს, რომ ამკაცრად აკონტროლებს საფინანსო სექტორს და ამ დრონდე სისტემაში სანქციებისგან თავის არიდების შემთხვევა არ ყოფილა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციების და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად”,– წერია სებ-ის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 16 სექტემბერს აშშ-მა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, სანქციები დაუწესა.