ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე იმსჯელებს. ამ მექანიზმის გამოყენებით ეროვნული ბანკი ცდილობს, ფასები დაასტაბილუროს.
რეფინანსირების განაკვეთი, როგორც ცნობილია, მოქმედებს საბანკო სესხების პროცენტზეც. კომერციული ბანკები, სხვა სესხებთან ერთად, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებსაც გასცემენ. შესაბამისად, განაკვეთის შემცირება ან ზრდა პირდაპირ აისახება კრედიტის პროცენტზე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი 10 მაისს შეიკრიბება და განაკვეთის ოდენობას გადახედავს.
შემცირდება თუ არა განაკვეთი?
რეფინანსირების განაკვეთის შემცირების წინაპირობა არსებობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში ინფლაცია მცირდება. ფასების კლებას უმეტესად გარე ფაქტორები იწვევს. კერძოდ, ბოლო პერიოდში, შემცირდა ნავთობის საერთაშორისო ფასი. ასევე, შემცირებულია საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულება. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსის კლებას.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას შეფასებით, პროგნოზის წინასწარ გაკეთება რთულია, თუმცა, სხდომაზე განაკვეთის შემცირებაზე იმსჯელებენ.
„წინა კომიტეტებზე განაკვეთის შემცირების საკითხი არც კი განგვიხილავს, რადგან რისკები ჯერ კიდევ მაღალი იყო. მომდევნო კომიტეტზე განხილვა გვექნება შემცირების მიმართულებით, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ.
რაც შეეხება რისკებს, მიმდინარე ინფლაცია მცირდება და უახლოვდება სამიზნე მაჩვენებლებს, თუმცა ეს უმეტესად განპირობებულია გარე ფაქტორებით. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია. ამ გარემოებებს 10 მაისისთვის შევაფასებთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.
რეფინანსირების განაკვეთი სებ-მა 2022 წლის მარტში 11%-მდე გაზარდა და ის, უკვე ერთ წელზე მეტია უცვლელია.