ეროვნული ბანკი საბანკო სისტემას თან ლიკვიდობას აცლის, თან აწვდის.
სებ-ის სტატისტიკით, ოქტომბერში 2 სავალუტო აუქციონით, მიმოქცევიდან 300 მლნ ლარზე მეტი ამოიღო. ამასთან სებ-ი რეფინანსირების და ერთდღიანის სესხების გაცემას განაგრძობს.
1.10.2024-თვის ერთდღიანი სესხის ნაშთი 600 მლნ ლარამდეა. ამ კატეგორიის სესხები ამ დღეებშიც არის გაცემული.
ბოლო აუქციონის დღეს, 16 ოქტომბერს, 300 მლნ ლარამდეა გაცემული, წინა დღეს კი 220 მლნ ლარი. კიდევ 200 მლნ ლარის მოცულობის სესხი წინა აუქციონის თარიღს (08/10) ემთხვევა.
სებ-ის სტატისტიკით, ბანკების დავალიანება ოქტომბრის მდგომარეობით, 4.5 მლრდ ლარს აღწევს (რეფინანსირების და სხვა მოკლევადიან სესხების ნაშთის ჯამი). ამ, დროისთვის რეფინანსირების სესხების ნაშთი 3.9 მლრდ ლარამდეა.
ეროვნული ბანკის განმარტებით, ლიკვიდობის მართვის ეს ინსტრუმენტი პირდაპირ კავშირში არ არის ინტერვენციასთან, თუმცა უკავშირდება ფულზე მოთხოვნას, რომელიც თავის მხრივ კორელაციაშია ინტერვენციასთან.
ეროვნული ბანკი მუდმივად მიუთითებს ამ 2 ინსტრუმენტის ფუნქციურ განსხვავებაზე, თუმცა ბევრს მაინც საპირისპირო მოსაზრება აქვს ანუ ინტერვენციასთან პირდაპირ კავშირზე საუბრობს.
რეფინანსირება მხარს უჭერს ერთი ლიკვიდური აქტივის გადაქცევას მეორე ლიკვიდურ აქტივად. მაგ: ფასიანი ქაღალდის გადაქცევას ნაღდ ფულად. რეფინანსირების სესხით სებ სექტორს ლიკვიდობას აწვდის, ინტერვენციით კი მიმოქცევიდან ლარი ამოაქვს. მაგალითად, ბოლო $65 მილიონის გაყიდვით მან მიმოქცევიდან 176 მლნ ლარზე მეტი ამოიღო (ტრანზაქციის კურსი $1/₾2.714), თვის დასაწყისში ინტერვენცია მას უფრო ძვირი დაუჯდა ($1/₾2.719).
სებ-ის ექსპრეზიდენტი რომან გოცირიძე მარეგულირებელს აკრიტიკებს სავალუტო რეზერვების ხარჯვის გამო, რომლითაც ის სავალუტო რეზერვებს Bmatch-ზე და აუქციონებზე ხარჯავს.
რომან გოცირიძე სოციალური ქსელში Global Finance-ის მიერ გამოქვეყნებულ ევროპის ცენტრალური ბანკების მმართველების რეიტინგსაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ნათია თურნავამ ყველაზე დაბალი D ქულა მიიღო. გოცირიძე გულისტკივილს გამოთქვამს, რომ მისმა ყოფილმა სტუდენტმა ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება დაიმსახურა.