ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-დან 8.5%-მდე გაზარდა. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდზე (IMF) და EBRD –ზე ოპტიმისტი აღმოჩნდა.
ცნობისთვის, IMF-მა მშპ-ს ზრდის პროგნოზი 7.6% -მდე და მსოფლიო ბანკმა 7.5%-მდე გაზარდეს. EBRD-ის პროგნოზი კი სებ-ის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩება.
რეგიონში, რომლის ზრდა EBRD-მა 3.7%-ზე განსაზღვრა, საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. (სომხეთი – 6.2%; აზერბაიჯანი – 3.8%; მოლდოვა – 3.2%; უკრაინა – 3%ა).
საფინანსო ბაზრის ზედამხედველის გაზრდილი მოლოდინები ძირითადად ეკონომიკის პოტენციალის გაუმჯობესებითაა განპირობებული. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ახლად გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მძლავრი დაკრედიტების ფონზე, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა, რის გამოც სებ-მა რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 8.5%-მდე გაზარდა.
ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ დაბალი ინფლაციის პირობებში და შინამეურნეობათა რეალური შემოსავლების მატების ფონზე, ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა მოხმარება იქნება, ხოლო ინვესტიციებსა და წმინდა ექსპორტს შედარებით მოკრძალებული წვლილი ექნება.
სებ-ი აღნიშნავს, რომ ეკონომიკის პოტენციალი ძირითადად სამუშაო ძალისა და ცალკეულ სექტორებში შრომის ნაყოფიერების მატების შედეგად იზრდება.
რაც შეეხება უფრო გრძელვადიან პროგნოზს, მოხდება აღნიშნული ფაქტორების დინამიკის ნორმალიზება და 2025-2026 წლებში ეკონომიკა 5%-იანი ტემპით გაიზრდება.