როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ცოტა ხნის წინ სავალუტო რეზერვების შესავსებად 7 ტონა ოქრო შეიძინა, რომლის ღირებულებაც $500 მილიონს შეადგენს. ეს მთლიანი რეზერვების დაახლოებით 11%-ია.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ორი ახსნა აქვს, პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური მოტივაცია, მოხდეს პორტფელის დივერსიფიკაცია და ინფლაციისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობისგან დაცვა.
თუმცა, ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა ჰქონდეს პოლიტიკური საფუძველი. კერძოდ, სებ-ის მიზანი შესაძლოა იყოს თავის დაცვა მოსალოდნელი სანქციებისგან. ცნობილია, რომ ოქროს მარაგების გაყინვა რთულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყანაში ინახება.
„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ოქროს შეძენა შეესაბამება ეკონომიკურ დასაბუთებას, ბოლოდროინდელი შიდა მოვლენები კითხვებს აჩენს ალტერნატიული მოტივების შესახებ.
ისეთი ქმედებები, როგორიცაა აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე (მაგ. მოსამართლეები, ყოფილი მთავარი პროკურორი), ცენტრალური ბანკის მმართველობასთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთება და მმართველი პარტიის საკანონმდებლო გადაწყვეტილებები (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი), რომელიც ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს, გამოიწვია საზოგადოების უკმაყოფილება და ძირითადი პარტნიორების – აშშ-ს, ევროკავშირის და სხვა ორმხრივი პარტნიორების რეაქცია მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკის და საგადასახადო კოდექსში ახლახან მიღებული ცვლილების, ეგრეთ წოდებულ „კანონში ოფშორების შესახებ“ მიმართ.
ეს ფაქტორები აჩენს ვარაუდს, ოქროს შეძენა პოტენციური სანქციების შიშით და მის მიმართ მზადყოფნით ხომ არ არის გამოწვეული, რადგან ოქრო აღიქმება როგორც უსაფრთხო და სასურველი სარეზერვო აქტივი იმ სიტუაციებში, როდესაც ქვეყნებს ემუქრებათ ფინანსური სანქციები ან აქტივების გაყინვისა და ჩამორთმევის რისკი”,- აღნიშნულია ISET- ის კვლევაში.
სებ-ში აცხადებენ, რომ ოქროს შესყიდვა რეზერვების დივერსიფიკაციის გაძლიერებისთვის მოხდა, რაც გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისგან დაზღვევისთვის კეთდება.