რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობკომპანიამ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელი, მოულოდნელად, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ექიმების წინასწარი დასკვნით, ვლადიმერ ნეკრასოვის სიკვდილი გულის მწვავე უკმარისობამ გამოიწვია.
ნეკრასოვი თითქმის 50 წელი მუშაობდა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. მას Lukoil-ის პირველი ვიცე პრეზიდენტისა და კომპანიის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. ბოლოს კი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა.
კომპანიამ მედიას ნეკრასოვის გარდაცვალების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა.
მისი წინამორბედი, რავილ მაგანოვი, ერთი წლის წინ გარდაიცვალა. ის მოსკოვის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა.
მაგანოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით Lukoil-მა 2022 წლის სექტემბერში განცხადა, რომ ის „გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ”, მაგრამ ფანჯრიდან გადმოვარდნა არ უხსენებია.
Lukoil მსოფლიო ნედლი ნავთობის 2%-ზე მეტს აწარმოებს. კომპანიის დირექტორთა საბჭომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აქციონერების, მომხმარებლებისა და თანამშრომლებისადმი მიმართვა გაავრცელა და მხარი დაუჭირა უკრაინაში კონფლიქტის უსწრაფეს შეწყვეტას.
უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში რუსეთში, სულ მცირე, რვა მსხვილი რუსი ბიზნესმენი მოულოდნელად გარდაიცვალა.