„2023 წელი გამარჯვების წელი იქნება”
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს – მთელი უკრაინის დაპყრობას, მაგრამ ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ჯერჯერობით უკავია ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის წლისთავზე ურყევად ამბობს, რომ უკრაინა სრულად დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მათ შორის ყირიმს.
„ჩვენ გავუძელით. არ დავმარცხდით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წელს გამარჯვება მოვიპოვოთ“, – უკრაინის პრეზიდენტმა ომის წლისთავზე საკუთარ ხალხს რუსეთისგან გათავისუფლების პირობა კიდევ ერთხელ მისცა.
ათიათასობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დანგრეული სახლები და მილიონობით ლტოლვილი, ენერგიის დეფიციტი და ინფლაცია მსოფლიო ბაზარზე. ეს არის ომის შედეგი, რომელიც რუსეთმა ერთი წლის წინ უკრაინაში დაიწყო.
ბრძოლის ველზე
ომიდან ერთი წლის თავზე კი უკრაინელების მიერ იბომბება ბელგოროდის ოლქი, უკრაინის საზღვართან მდებარე რუსული ქალაქი. განადგურებულია მიმდებარე რაიონებში განლაგებული რუსული არტილერიის დიდი ნაწილი. ცეცხლის ქვეშაა ზურგში არსებული იარაღის რუსული საწყობები, საიდანაც უკრაინაში მყოფ ჯარს ამარაგებენ.
პუტინი ომის შეწყვეტას არ აპირებს. ის ამბობს, რომ შეუძლებელია რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე. ამავე დროს, აჩერებს ბირთვული იარაღის კონტროლის NEW START-ის შეთანხმებაში მონაწილეობას.ეს არის მისი რეაქცია 21 თებერვალს ჯო ბაიდენის კიევში მოულოდნელ ვიზიტზე, რა დროსაც ვოლოდიმერ ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტისგან სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გარანტია მიიღო.
დასავლეთის პოზიცია
რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში, ევროპასა და ამერიკაში ფიქრობდნენ, რომ კიევის დაცემა გარდაუვალი იყო. რამდენიმე კვირაში, როდესაც უკრაინამ რუსეთი კიევამდე შეაჩერა და წინსვლის საშუალება აღარ მისცა, უკრაინელების ბრძოლამ მათი გაოცება და აღფრთოვანება გამოიწვია. ბუჩასა და სხვა ქალაქებში ოკუპანტი რუსეთის სისასტიკის ხილვის მერე, დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა შესამჩნევად გაიზარდა. ხოლო შემოდგომაზე, როცა უკრაინელებმა რუსეთი ხერსონიდან და ხარკოვიდან გააძევეს, დასავლურმა იარაღმა იმატა და გამარჯვების იმედიც გაჩნდა.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2023 წლის 20 თებერვლამდე, აშშ-ს უკრაინისთვის დაახლოებით $29.8 მილიარდის სამხედრო დახმარება აქვს გაგზავნილი. ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის დროს ცნობილი გახდა ახალი, 460 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომელშიც იქნება ტანკსაწინააღმდეგო სისტემა Javelin. ამასთან, ჩამონათვალშია, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 120-მილიმეტრიანი ჭურვების ახალი პარტია, 2000-მდე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, საჰაერო მეთვალყურეობის 4 რადარი, ქვეითთა 4 საბრძოლო მანქანა Bradley. სამხედრო ტექნიკას შორის ასევე იქნება Leopard 2-ის ტანკები, რომელსაც შეუძლია ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ შეცვალოს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ამ ტანკების მიწოდების რაოდენობაზე, დროზე და უწყვეტობაზე.
უკრაინას იმედი გაუჩნდა, რომ Leopard 2-ებით არამარტო რუსებისგან თავდაცვას, არამედ ტერიტორიის დაბრუნების შანსები გაუჩნდება. კომპრომისი არ იქნება ზელენსკის დაჟინებული მოთხოვნაა, რომ რუსულმა ძალებმა დატოვონ უკრაინის ტერიტორია, მათ შორის გავიდეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლიდან. ეს მოთხოვნა ამ ეტაპზე დაუჯერებლად გამოიყურება. ისევე, როგორც პუტინის მოთხოვნა, რომ უკრაინამ უარი თქვას ხერსონსა და ზაპორიჟიაზე. „ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, უფრო დაგვასუსტებს“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ გასულ კვირას. ნატოს გენერალურმა მდივანი იენს სტოლტენბერგი კი ამბობს, რომ „თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა“. ამიტომ მას ომის „მოგება“ სჭირდება.
ორი სცენარი
რუსეთი ამჟამად ყირიმსა და დონბასის დიდ ნაწილს ფლობს. ის ცდილობს გამაგრდეს უკრაინის იმ ტერიტორიაზე, რომლებიც მან ამ დროისთვის დაპყრობილი აქვს და დაიკავოს სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონი. უკრაინა კი შეეცდება ყირიმსა და დონბასს შორის კორიდორი გაჭრას. დასავლეთში პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ყირიმზე სამხედრო შეტევა პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანის ერთ-ერთი გზაა. მეორე ნაწილი კი შიშობს, რომ ეს ბირთვული ომის საფრთხეს შექმნის. სწორედ ამიტომ ყოყმანობს დასავლეთი უკრაინაში ტანკების გაგზავნაზე. ამ საფრთხის გამო იკავებს თავს გერმანია უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.
პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ პუტინი მოლაპარაკებისთვის მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როცა ბრძოლის ველზე უკრაინისთვის მკვეთრად სასარგებლო სიტუაცია იქნება. მან იცის, რომ ამ ომით წარმატებას ვერ მიაღწევს, ამიტომ მეთოდური დაბომბვით ანადგურებს უკრაინის ეკონომიკას.
სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალ ან ორ წელიწადში რუსეთის თავდასხმის ტემპი შესუსტდება. მაგრამ უკრაინა ამ პერიოდში ბოლომდე ვერ შეძლებს მისი ტერიტორიიდან რუსული ჯარის ბოლომდე განდევნას.
ჩინეთის როლი
19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩინეთმა განაცხადა, რომ მალე რუსეთ-უკრაინისთვის სამშვიდობო წინადადებას წარადგენს. დასავლეთში ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ იმის ფონზე, რომ ჩინეთს არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ასევე შიშობს, რომ ჩინეთს შეუძლია იარაღი მიაწოდოს რუსეთს, რასაც პეკინი უარყოფს.
ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე დასავლეთმა დაიწყო თანმიმდევრული პოზიციის ჩამოყალიბება: უკრაინას ბოლომდე უნდა დაეხმაროს, რათა რუსეთი დამარცხდეს. ახლა მთავარია, უკრაინის გრძელვადიანად მხარდაჭერის სურვილი არ შესუსტდეს.
უკრაინამ გაუძლო და აჩვენა, რომ ბრძოლას აქვს აზრი და რუსეთის დამარცხება შესაძლებელია.