რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის დროებით აკრძალვისა და მსოფლიო ბაზრებზე „შავი ოქროს“ გაძვირების ფონზე, საქართველოში ნავთობპროდუქტები საცალო ქსელშიც გაძვირდა.
როგორც „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ამბობს, საქართველოს 1 ლიტრი საწვავის იმპორტი მთლიანად უკვე 50 თეთრით გაუძვირდათ. მისივე თქმით, გაძვირებული საწვავის ნაწილი ჯერ კიდევ გზაშია და ადგილობრივ ბაზარზე, ერთი კვირის ვადაში, ფასი დაახლოებით, 10-15 თეთრით კიდევ მოიმატებს.
რაც შეეხება ალტერნატიულ ბაზრებს, როგორც ზაალ იაკობიძე განმარტავს, ახლა მთავარი იმპორტიორი ბულგარეთია.
„მას შემდეგ, რაც რუსეთმა საწვავის ექსპორტი აკრძალა, ამას დაემატა ისიც, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა და ბუნებრივია, შესასყიდმა ფასმაც მოიმატა. რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, საწვავის ფასი მინიმუმ 150 დოლარით გაიზარდა, ანუ, 1 ლიტრი ბენზინის იმპორტი 50თეთრით გაძვირდა.
ადგილობრივ ბაზარზე ეს ეტაპობრივად უკვე აისახა, 5-10 თეთრიანი მატება გვქონდა. თუმცა, გაძვირებული საწვავის ნაწილი ჯერ კიდევ გზაშია და ერთ კვირაში კიდევ მოიმატებს, შეიძლება, 10-15 თეთრით გაძვირდეს.
რაც შეეხება ბაზრებს, ამ ეტაპზე რუსეთის ბულგარეთმა ჩაანაცვლა, ასევე შემოდის საბერძნეთიდან და ბელარუსიდან“, – ამბობს იაკობიძე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის აპრილში მარტთან შედარებით შესასყიდი ფასი 0,19 ლარით არის გაზრდილი. ფასმა მოიმატა როგორც ბენზინზე, ასევე ევრორეგულარზე, არ გაძვირებულა მხოლოდ ევროდიზელი და აპრილშიც მთავრობას ერთ ლიტრის შესყიდვა 2,86 ლარი დაუჯდება.