ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს, – ასეთია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის(სემეკი) შეფასება.
“მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის საწყის ეტაპზე შესაძლოა არსებობდეს გარკვეული რისკები და მოლოდინები, მათ შორის ის რისკებიც, რასაც ასახელებდნენ ბაზრის მონაწილეები სამიზნე მოდელთან მიმართებაში, ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი საბაზრო მექანიზმების დანერგვა ზრდის კონკურენციას, ლიკვიდურობას და გამჭვირვალობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგორესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას, ხარჯების ამსახველ ფასწარმოქმნას და მეტ სოციალურ სარგებელს, რაც გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს”,- ნათქვამია სემეკის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში 1 ივლისს ამოქმედდა, თუმცა, ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვაზე მხარეებს შორის გარიგება პირველ სავაჭრო დღეს ვერ შედგა.
ბირჟაზე ამ ეტაპზე 6 კომპანიაა რეგისტრირებული, ხოლო პოტენციურ მონაწილეთა დიდი ნაწილი, სემეკის თქმით, აკვირდება მიმდინარე პროცესებს და „ამ ეტაპისთვის.სავაჭრო განაცხადებით შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობა არ გამოიყურება უმნიშვნელოდ”.
ბირჟაზე რეგისტრირებული არიან შემდეგი კომპანიები:
- სს თელასი;
- შპს ლილო-მოლი;
- სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
- შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
- შპს რიცეულაჰესი;
- შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია.
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითია, შესაბამისად, მომხმარებლებს ელექტროენერგიის შესყიდვის მოტივაცია არ აქვთ, რადგან მისი ყიდვა სემეკის დადგენილი ტარიფითაც შეუძლიათ. ნარმანიას თქმით, ამ პირობებშიც ბირჟაზე სავაჭრო გარიგება მალე დაიდება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო გარიგებები დაიგვიანებს, კომისია სხვა მარეგულირებელ მექანიზმებს გამოიყენებს.
“ბაზრის გარდამავალ მოდელზე დაკვირვება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, ხორციელდება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. იმ შემთხვევაში, თუ პროცესები მნიშვნელოვნად ასცდება იმ მოლოდინებს, რაც გარდამავალი მოდელის ამოქმედებამდე არსებობდა, გამოყენებული იქნება დამატებითი მარეგულირებელი მექანიზმები ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობაზე პოზიტიური გავლენის მოსახდენად”,– წერია სემეკის განცხადებაში.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ბირჟის მუშაობს გარდამავალი მოდელით, როცა ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა, პირდაპირი ხელშეკრულებების და საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვის გარდა, შესაძლებელია დღით ადრე და დღიურ ბაზრებზეც, საათობრივი პროდუქტებით. გარდამავალ მოდელში, ასევე, შენარჩუნებულია თვიური საანგარიშო პერიოდი.