ედენას წარმატების ამბავი
ლილიანა მაისურაძეს რაჭაში ყველა იცნობს. პროფესიით დიზაინერია. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ედენა – ტრადიციული რეწვის სახელოსნო ონში ლილიანას სტუდენტობის ჩანაფიქრია. სამხატვრო აკადემიის დამთავრებამდე, ჯერ კიდევ მეოთხე კურსზე იდეა რეალობად აქცია:
„მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა ჩემი იდეა პროექტად ვაქციე. ეს ერთ-ერთი დავალება იყო ლექტორისა, რომელიც სულ გვიმეორებდა, ისწავლეთ პროექტების წერა და აქციეთ თქვენი იდეები რეალობადო. მაშინ სადიპლომოზე ვმუშაობდი და ეს მესიჯი უბრალოდ გონების საცავში გადავინახე. იმ წელს დავასრულე აკადემია და დავბრუნდი რაჭაში რადგან აქ სამსახური მელოდა, ორ პოზიციაზე დავსაქმდი. თუმცა, არც ეს ეყო ახალგაზრდის მოუსვენარ გულს და მაშინ ჩემს უფროს მეგობართან ერთად საგრანტო კონკურსში შევიტანე ჩემი სტუდენტობისდროინდელი პროექტი.
მერე სასწაული მოხდა. 11 სახელოსნო დაფინანსდა საქართველოში, მათ შორის ჩემიც. ხელის მოწერის დღეს აღმოჩნდა, რომ ეს იმ ლექტორის კონკურსი იყო, ვინც სტუდენტობისას პროექტების წერას მასწავლიდა. ასე აღმოჩნდა ჩემი რიგითი დავალება გამარჯვებულ პროექტებს შორის და ასე დაარსდა ედენა 2015 წელს.“
ედენამდე ძალიან ტკბილი და ლაღი ბავშვობა იყო. მადლობელია, რომ ამ დალოცვილ მხარეში არგუნა ღმერთმა დაბადება – თბილ და მოსიყვარულე ოჯახში, შემოქმედებით და ტრადიციებით სავსე გარემოცვაში. შეუძლებელიც კი იყო ამ მოცემულობაში ასეთი შემოქმედებითი ხასიათი არ ჰქონოდა.
„მასწავლებლებშიც გამიმართლა, როგორც სკოლაში, ისე ხელოვნების მიმართულებით. ყველაფერში ვცადე ბავშვობიდან ბედი, თუმცა მხატვრობა და გამოყენებითი ხელოვნება აღმოჩნდა საბოლოოდ ჩემი არჩევანი. მუზებს დავდევდი ბავშვობიდან, ოცნებების ბილიკებს ვხაზავდი და მივყვებოდი ნაბიჯ-ნაბიჯ, ახლაც ასე ვარ. ჩემი ოცნების ნაყოფია ჩემი ედენაც, რომელსაც დღეს „ედენას საელფოს“ ეძახიან.
პირველი ნაბიჯები
პირველი ნაბიჯები სირთულით და სიხარულით სავსე იყო, მარტო არ იყო და ეს ძალას და გამოცდილებას მატებდა. გვერდით ედგნენ მხარდამჭერები, ოჯახი, მეგობრები, სახელოსნოს წევრები:
„ძალიან გამოუცდელი და მშიშარა ვიყავი, არ ვიცოდი, რა იყო პროექტის მართვა, მეწარმეობა, ბიზნესი, მენეჯერობა… ძალიან ბევრი რამე გზადაგზა ვისწავლე, შეცდომებით, დარიგებით, ტრენინგებით, არ დამიტოვებია არც ერთი შესაძლებლობა, რომელიც რეგიონში ჩნდებოდა.
შემოვიკრიბე გუნდი, რომელიც დღეს ჩემი ედენას ღერძია – ძლიერი დასაყრდენი ყველანაირ სიტუაციაში. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი გზა გავიარეთ, ვიყავით ნაქირავებ ფართში, ვწვალობდით მასალების მოტანაზე, ძალით ვიპატიჟებდით თავს ღონისძიებებზე, რომ ჩვენს შესახებ ყველას გაეგო, გვიწევდა ორჯერ სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, ვიდრე ჩვენს მსგავს სახელოსნოებს დიდ ქალაქებში და ამ შეუპოვარმა ნაბიჯებმა მოგვიტანა ის რაც დღეს გვაქვს.“
რას ქმნის ედენა
„ჩვენ ვქმნით მომხმარებლის სურვილებზე ზუსტად მორგებულ, ხარისხიან ქართულ სუვენირებს, რომლებშიც წამყვანი რაჭული მოტივებია.
ჩვენს ენაზე კი სითბოს და სიყვარულს ვქმნით, ვავრცელებთ რაჭის ტყის ელფურ იმპულსებს, მნახველებს ვუცოცხლებთ მოგონებებს რაჭაზე და ვუტოვებთ მასთან ემოციურ კავშირს.“
ედენა ქმნის ქართულ ხელნაკეთ ნივთებს 5 ტექნოლოგიის გამოყენებით: თექა, ბატიკა, ჯვრული ნაქარგობა, მინანქარი, ხელის პრინტი.
ედენას ხელნაკეთი ნივთები:
რაჭული ქუდები, აქსესუარები, კედლის პანოები, ღვინის ბოთლის ჩანთები, ხელით დაბეჭდილი ჩანთები, მცირე სამახსოვრო სუვენირები, ჟლეტები, ფეხსაცმელები და სამკაულები, აბრეშუმის შარფები და ბატიკის კედლის პანოები.
გუნდი
ელფები რაჭიდან – ეს ის თემაა, რომელზეც ლილიანას უსასრულოდ შეუძლია საუბარი:
„ყველაფერი ჯადოქრობა, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ჩვენი ჰარმონიული თანაარსებობის დამსახურებაა და ეს სიამაყით მავსებს. გამიმართლა ჩემს „ელფებში“. ისე გამოვიდა, რომ სწორედ ამ საქმისა და ერთმანეთისთვის შესაფერისი ადამიანები შევიკრიბეთ. ჩვენ უკან კი ოჯახებია, რომლებიც მხარს გვიჭერენ და გვგულშემატკივრობენ. მიხარია, რომ ისინი პროფესიულად უფრო და უფრო იზრდებიან, ეხმარებიან ერთმანეთს, ურჩევენ, ჩემთან ერთად მსჯელობენ და სახავენ სამომავლო გეგმებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეული და სასურველი სამუშაო სივრცე გვაქვს და ეს გუნდის დამსახურებაა.“
მომხმარებლები
ედენას განსაკუთრებული, ემოციური კავშირები აქვს მომხმარებელთან:
„მომხმარებლები ჩვენი მაცოცხლებელი ძალაა, მათ უფრო გულშემატკივრებს და მხარდამჭერებს ვუწოდებდი, რადგან გაცნობის პირველივე წუთიდან საოცარ სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ ჩვენს მიმართ. ეს მარტო ჩვენი დამსახურება არ არის, ეს რაჭისადმი სიყვარულის ბრალიცაა.
საკმარისია ვახსენოთ, რომ რაჭიდან ვარ და მაშინვე სახე ეცვლებათ, ეღიმებათ თბილად, გვეფერებიან, ერთმანეთს ეძახიან გამოფენასთან, ურეკავენ. არ მგონია, ასეთი რეაქცია სხვა რომელიმე კუთხის ხსენებაზე სადმე იყოს, ყველა რაღაცნაირი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ივსება, მაშინვე იწყებს რაჭასთან წარსული კავშირის ან დამაკავშირებელი ადამიანის გახსენებას, აბამს ამ ემოციურ ჯაჭვს და რაჭის მაგივრად ჩვენ გვესიყვარულება.
ელფებს უყვართ კომპლიმენტები, რომლებსაც ხშირად იღებენ და უხარიათ, როცა ერთმანეთს ედენას საჩუქრებით ახარებენ.“
მიღწევები
მიღწევებზე საუბარიც ყველაზე მეტად უყვარს, რადგან არაერთი აქვთ და ამით ძალიან ამაყობს. თანაც თვლის, რომ ეს მოტივაციის მიმცემია მათსავით რეგიონებში, პატარა ქალაქებში მცხოვრები შემოქმედი ადამიანებისთვის.
ედენა ექვსი საგრანტო კონკურსის და ორი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულია.
ედენა სოციალური საწარმოა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს რეგიონში ქალების, ახალგაზრდების და სოციალური პროექტების მიმართულებით. აქვთ საკუთარი სივრცე და მაღაზია, რომელიც პარტნიორ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდთან ერთად მოაწყვეს. არიან ოთხი ასოციაციის წევრი და არაერთი პროგრამის ბენეფიციარები, ასევე, ონის ტურისტული ბიზნეს კლასტერის წევრები, რომელიც ახლა იდგამს ფეხს. ჰყავთ მხარდამჭერი ორგანიზაციების მთელი არმია.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ედენას წარმატება ჩემი ოჯახის დამსახურებაა, რომ არა მათი დახმარება და გვერდით დგომა, ასე უწყვეტად, ასე აქტიურად ვერ ჩავუდგებოდი ამ საქმეს. ორი ბავშვის პარალელურად ამხელა საქმის მართვა ძალიან რთულია. ასევე არიან ედენას გოგოების ოჯახებიც, ჩვენ გვაქვს მათი სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა, ამიტომაცაა, რომ ყველა ჩვენს ჩანაფიქრს ფრთები ესხმება. ამ მხრივ სამაგალითოა ჩვენი ამბავი, არ გვაქვს არანაირი ბარიერი, რაც აქტიურობაში ხელს შეგვიშლიდა. ვშრომობთ და ვმოგზაურობთ გამოფენიდან გამოფენაზე და ეს თავისუფლება ჩვენთვის, როგორც ქალებისთვის, დედებისთვის, შვილებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენი საქმის წარმატებას სჭირდება“, – ამბობს ლილიანა.
გამოწვევები
გამოწვევები მცირე ბიზნესში ყოველთვის ბევრია. აქტიური ტურისტული ქალაქებიდან და მასალებიდან სიშორე დიდი პრობლემაა, თუმცა, ძალიან ეხმარებათ სხვადასხვა საგრანტო კონკურსი, რომელთა დახმარებითაც დღეს მყარად დგანან.
იმედი აქვს, რომ დადგება დრო, როცა რაჭაც ჩადგება იმ რეგიონთა შორის, რომლებშიც ძალიან აქტიურია ტურიზმი, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა და ეკოსისტემა გამართული და ერთიანია.
სამომავლო გეგმები
„გეგმები სულ გვაქვს, ამას გარდა წინა წლის გამარჯვებამ ოცნება აგვიხდინა და თიბისი ბანკის და გაეროს ქალთა ასოციაციის დახმარებით, საქართველოს ექვს ტურისტულ ქალაქს მოვივლით გამოფენებით ეთნო-ტურნე 2023-ის ფარგლებში“.
ერთი დიდი ოცნება აქვთ, რომელსაც აუცილებლად აიხდენენ, რადგან ამისთვისაც იბრძვიან:
„იმედი გვაქვს, მალე ჩვენი Ethno-Bus გვეყოლება და მთელ საქართველოს ელფების ქარავნით მოვივლით.“