კვლევითმა ორგანიზაციამ PMCG გამოაქვეყნა 60 ქართველი ეკონომისტის გამოკითხვის შედეგები, რომლებმაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასეს.
გამოკითხული ეკონომისტები მცირედით პოზიტიურად მიიჩნევენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას, მაგრამ მათი მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის თავზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ნეგატიურია.
- PMCG აღნიშნავს, რომ III კვარტლის შეფასებები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული წინა კვარტალთან შედარებით:
• 2024 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 6.7%-ს შეადგენს.
• მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაიზრდება. 2024 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3.5%-ია.
• მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტისა და იმპორტის მოცულობები გაიზრდება.
დამატებით, გამოკითხული ეკონომისტების თანახმად:
- 2024 წლის III კვარტალში საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და მუშახელის დეფიციტმა.
- აშშ-ს დახმარების შეჩერება(2024 წლის ივლისში აშშ-მ შეაჩერა $95 მილიონიანი დახმარება), შეფასდა ძალიან ნეგატიურად საქართველოს ეკონომიკისთვის. ეკონომისტები ელიან, რომ შეჩერება ნეგატიურ გავლენას მოახდენს უცხოური ინვესტიციების ნდობაზე და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებაზე. „რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.“
- სამომავლო ინფლაციის გაზრდის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეებად დასახელდა გაზრდილი შიდა გაურკვევლობა, გაზრდილი გლობალური გაურკვევლობა და საქონლის მოსალოდნელზე მაღალი ფასები.
- ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების ძირითად განმაპირობებელ ფაქტორებად მათ დაასახელეს: ინფლაციის შემცირება, საერთაშორისო ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების ზრდა.
- ეკონომისტებმა მსოფლიო ბანკის პუბლიკაციიდან გამოარჩიეს სამი ძირითადი რეკომენდაცია, რომლებიც რელევანტურია საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის: ინოვაციების პრიორიტეტიზაცია, ინვესტიცია ახალ უნარებსა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებში და ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების გაუმჯობესება.