ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოწოდებას, არ დაუშვან 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენები.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბიორნ ბერგემ აღნიშნა, რომ სპორტი არასოდეს ყოფილა „პოლიტიკის მიღმა”.
„ჩემთვის ძალიან რთულია იმის დაშვება, რომ რუსი და ბელორუსი სპორტსმენები შეძლებენ ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას, მაშინ როცა რუსეთი, ბელორუსის არაპირდაპირი და პირდაპირი მხარდაჭერით, აწარმოებს აბსოლუტურად მიუღებელ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ბერგემ.
„ზოგიერთი რუსი და ბელორუსი სპორტსმენი თავად სამხედროა ან შეიძლება მიიღოს მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა მათგან, ვინც სანქციებს ექვემდებარება. ჩვენ უნდა დავიცვათ სპორტის მთლიანობა და ყველა სპორტსმენი, ამიტომ აუცილებელია ორივე ქვეყნის სპორტსმენების ჩამოშორება,“ – აღნიშნა ბერგემ.
ცნობისთვის, 30-მდე ქვეყანამ, მათ შორის 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელმა საფრანგეთმა, მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC), აუკრძალოს რუსებს და ბელორუსებს პარიზის თამაშებში მონაწილეობა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფესერი დაიმუქრა, რომ რუს სპორტსმენებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს, თუ IOC მათ შეჯიბრში მონაწილეობის უფლებას მისცემს.