ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე წერს:
„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში”.
ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დათქმებით, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს პირობები ცხრა მიმართულებით.
მათი ნაწილი იმ 12 რეკომენდაციიდან არის, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს 2022 წლის ივნისში განუსაზღვრა. ზოგიერთი პირობა კი ახალია.
მათ შორის არის ახალი დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.
ასევე საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას უნდა დაუახლოოს.
ამჟამად ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია (ორი წლის წინ 60%-ს აჭარბებდა). გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.
ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს, სადაც წევრი ქვეყნის ლიდერები ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას განიხილავენ. ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე.
უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იყო უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი.
ის იმუქრებოდა, რომ გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებდა. საბოლოოდ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გადაწყვეტილება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გარეშე მიიღეს. ის დარბაზში არ იმყოფებოდა, რამაც ვეტოს თავიდან აცილების საშუალება მისცა.