ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB), როგორც ნავარაუდევი იყო, საბაზისო განაკვეთი 4.5%-ის ნიშნულზე შეინარჩუნა.
ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭომ მიიჩნია, რომ ძირითადი განაკვეთების ამ დონეზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფლაციის შემცირებაში და მას 2%-იან სამიზნე მაჩვენებელთან მიაახლოებს.
ECB-მა აღნიშნა ინფლაციის მნიშვნელოვანი შენელება სექტემბერში, როდესაც ევროზონაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წლიურად 4,3%-ით გაიზარდა, რაც ორწლიანი მინიმუმია. თუმცა, მარეგულირებელი კვლავ ელის, რომ მაღალი ინფლაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.
მანამდე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთები ზედიზედ 10-ჯერ გაზარდა. სექტემბერში ძირითადი განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა და 4.5% შეადგინა.