ევროსტატის მონაცემებით, 2022 წელს, ევროკავშირში სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალებში (83,3 წელი) 5,4 წლით მეტი იყო, ვიდრე მამაკაცებში (77,9 წელი).
ქალებს ასეთი გენდერული უპირატესობა აქვთ ყველა ქვეყანაში, სადაც აღნიშნული მონაცემები არის ხელმისაწვდომი.
ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში(87,7 წელი), შემდეგ მოდის ესპანეთის 2 რეგიონი, კომუნიდად ფორალ დე ნავარასა (86,9 წელი) და კასტილა და ლეონში (86,7 წელი).
სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქალებში დაფიქსირდა საფრანგეთის მაიოტაში (74,4 წელი), რომელსაც მოჰყვება ბულგარეთის 3 რეგიონი: სევეროზაპადენი (76,4 წელი), სევერენ ცენტრალენი (77,0 წელი) და იუგოიცტოჩენი (77,6 წელი).
აღსანიშნავია, რომ მადრიდი პირველ ადგილზეა, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 82,4 წლით განისაზღვრა. შემდეგ მოდიან ჩრდილოეთ იტალიის ტრენტო და შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი (ორივე 82,3 წელი).
ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ბულგარეთის სევეროზაპადენში (68,7 წელი), რასაც მოჰყვება ლატვია (69,4 წელი).
ყველაზე დიდი გენდერული განსხვავება ფიქსირდება ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მაგალითად, ლატვიაში ქალების დაბადებისას სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით მეტია მამაკაცებთან შედარებით. ასევე დიდია სხვაობა პოლონეთსა და რუმინეთის რამდენიმე რეგიონში.
ყველაზე მცირე გენდერული განსხვავება დაფიქსირდა საფრანგეთის მაიოტში, სადაც ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 0,4 წლით მეტი იყო, ვიდრე მამაკაცებში. ქალებსა და მამაკაცებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის სხვაობა ასევე მცირეა დანიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და შვედეთში.
საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე 10 წლით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 73 წელია. აღნიშნული მაჩვენებელი კაცებისათვის 69.4 წელს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. ხოლო ქალებისათვის – 78.1 წელია.