ევროპის გაზსაცავებში ბუნებრივი აირის მარაგი ამ კვირაში მიაღწევს სამიზნე დონეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მარაგები 90%-ით იქნება შევსებული. ეს 14%-ით აღემატება გასული ხუთი წლის განმავლობაში ამავე პერიოდში არსებულ საშუალო მაჩვენებელს.
გაზსაცავების შევსება ევროპის ქვეყნებში კიდევ ორი ან სამი თვის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს და მარაგები 100%-ს მიუახლოვდეს.
გაზსაცავის შევსება სამომავლოდ, გაზის ფასზეც იმოქმედებს და მას სტაბილურ დონეზე შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
აირის ფასები ევროპაში
ორშაბათს ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 1%-ით გაიზარდა. ერთდღიანი კონტრაქტის მიხედვით, ნიდერლანდების TTF ჰაბში ათასი კუბ. მეტრის ფასი $359 იყო.
ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში LNG-ის ფიუჩერსი (LNG North West Europe Marker) $353 ღირს..
ევროპასთან შედარებით აზიაში LNG-ის ფასები უფრო მაღალია. სექტემბრის ფიუჩერსები იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ჩინეთსა და ტაივანში $398-ად ივაჭრება;
გასული კვირის შუა რიცხვებიდან ევროპაში ქარის გამომუშავება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ჩვეულ მაჩვენებელს დაუბრუნდა.
WindEurope ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად ქარის ტურბინები ევროპის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 10%-ს უზრუნველყოფენ. 2022 წლის აგვისტოში მათი წილი ასევე 10% იყო, 2023 წლის ივლისში კი 14%-ს შეადგენდა.