ტურისტები ევროპის ქვეყნებში საშობაო ბაზრობებზე ფასების მკვეთრ ზრდას უჩივიან. ამის შესახებ euronews.com წერს.
არც ისე დიდი ხნის წინ, ბუდაპეშტის საშობაო ბაზრობა ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს. მაგრამ წელს, მენიუში €21-იანი ჰოთ-დოგების აღმოჩენის შემდეგ, უნგრეთში ჩასულ ტურისტებს სადღესასწაულო განწყობა გაუფერმკრთალდათ.
იმის გამო, რომ უნგრეთში საშუალო ხელფასი €830-ზე დაბალია, ბევრი ადგილობრივი იძულებულია, უარი თქვას საშობაო ბაზრებზე შოპინგზე.
„ეს ბაზრობები უნგრელების საფულეებისთვის არ არის“, – ამბობს მარგიტ ვარგა, რომელიც დედაქალაქში საშობაოდ ქვეყნის სამხრეთიდან ჩავიდა.
უნგრეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ინფლაციის ფონზე სადღესასწაულოდ ფასები გაიზარდა.
ტურისტთა ერთმა ნაწილმა ედინბურგში (შოტლანდია) საშობაო ბაზრობებს უკვე უწოდა „ჯოჯოხეთი დედამიწაზე „აღმაშფოთებელი ფასებით”. ტურისტები სოციალურ მედიაში ჩივიან, რომ ადგილობრივ ბაზრობებზე ჰამბურგერი €14 ღირს, გლინტვეინი კი – €8.
ანალოგიური სიტუაციაა ქალაქ იორკში (ინგლისი), სადაც ჰამბურგერი და ჩიფსი ასევე €14 ღირს, ხოლო გლინტვეინის ფასი €6-მდეა. ეს იმის მიუხედავად, რომ ტრადიციულად, იქ ფასები ყოველთვის ბევრად დაბალი იყო, ვიდრე ლონდონში.
ინგლისის დედაქალაქის საახალწლო ბაზრობებზე კი წელს გლინტვეინი საშუალოდ €6,60, ბურგერი €16-ზე ცოტა მეტი, ხოლო ჰოთ-დოგი €10-მდე ღირს.