გაზპრომი ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის ახალ მონაცემებს აქვეყნებს. რუსული კომპანია აცხადებს, რომ უკრაინის გავლით ევროპაში აირის ექსპორტი 19 თებერვლისთვის, დღეში რეკორდულ 39,2 მილიონ კუბ. მეტრამდე გაზარდა. რუსული წყაროების თანახმად, რამდენიმე დღის წინ ტრანზიტის მაჩვენებელი 35,8 მილიონი კუბ. მეტრი იყო.
უკრაინის გავლით ტრანზიტი რჩება რუსული გაზის მიწოდების ერთადერთ მარშრუტად დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. როგორც ცნობილია, Nord Stream, აფეთქების შემდეგ შეჩერებულია. თურქეთის გაზსადენით და ცისფერი ნაკადით კი აირის მიწოდება თურქეთისთვის და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი.
შარშან 10 მაისს, უკრაინის გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორმა განაცხადა, რომ 11 მაისიდან ევროპაში გაზის ტრანზიტს ფორსმაჟორის გამო შეწყვეტდა, რადგან კომპანია, სავარაუდოდ, ვერ აკონტროლებს ნოვოპსკოვის გაზის სადგურს ლუგანსკის რეგიონში. თუმცა, რუსულმა გაზპრომმა განაცხადა, რომ ფორსმაჟორული გარემოებების დადასტურება არ მიუღია. კომპანიამ განაცხადა, რომ ტექნიკურად შეუძლებელი იყო ყველა სატრანზიტო მოცულობის გადატანა სხვა მიმართულებაზე.