ევროკავშირის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ენერგორესურსების შემცირებული ფასი და ბუნებრივი აირის რეკორდული მარაგი გაზსაცავებში შეიძლება საკმარისი არ იყოს კონფლიქტის გავლენის ან გაზის ინფრასტრუქტურაზე დივერსიის რისკის გასანეიტრალებლად.
შესაბამისად, ევროპის ქვეყნებში შეიძლება, გახანგრძლივდეს გაზის ფასის ლიმიტი ზამთარში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.
საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში და ბალტიის ზღვაში გაზსადენზე მომხდარი დივერსია ბუნებრივი აირის გაძვირების რისკს ქმნის.
გაზის ფასზე ლიმიტი ევროპაში მიმდინარე წლის თებერვალში შემოიღეს. ევროპული ქვეყნები ბუნებრივი აირის ფასის 180 ევრომდე შეზღუდვის შესახებ შეთანხმდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც რეგიონს რეცესიით ემუქრებოდა.
ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის ფასი ჯერჯერობით გასულ წელთან შედარებით თითქმის 90%-ით დაბალია. თუმცა, არსებული გამოწვევები ევროპას მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს.
ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ უნდა მოხდეს კანონმდებლობის გაფართოება, რომელიც წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, დააჩქარონ ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ნებართვების გაცემა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ აჩვენა ევროპის დაუცველობა ენერგეტიკული თვალსაზრისით. ეს ქმნის უსაფრთხოების რისკს და აძლიერებს ინფლაციას.