ევროპაში დარწმუნებულები არიან, რომ ბუნებრივ აირზე ფასები დაიკლებს, ამიტომ ბუნებრივი აირის შესყიდვა შეამცირეს. ვარაუდობენ, რომ აირი შესაძლოა, 70%-ითაც გაიაფდეს.
ასეთი მოლოდინის გამო, გაზსაცავების შესავსებად, ბუნებრივი აირის შესყიდვა ევროპის ქვეყნებში ჩვეულებრივზე ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ბუნებრივი აირის ფიუჩერსები ისედაც გაიაფებულია, თუმცა, ამან ევროპის ქვეყნებს შესყიდვებისკენ მაინც ვერ უბიძგა. ზოგიერთი მყიდველი შემდგომ შემცირებას ელოდება.
შვეიცარიული ენერგეტიკული კომპანიის – MET Holding AG-ის განცხადებით, არსებობს გარკვეული მოლოდინები, რომ ფასები შეიძლება 70%-ით დაეცეს. თუმცა, გაზზე ასეთი დაბალი ფასი, ცხადია, დიდხანს ვერ შენარჩუნდება.
რუსული აირის მიწოდების კლების მიუხედავად, ევროპას საკმარისი გაზი აქვს, მითუმეტეს, რომ ბუნებრივი აირის მოხმარება შემცირებულია.
ევროპაში გაზსაცავები უკვე ჩვეულებრივზე მეტად არის სავსე და მომავალ ზამთარს პრობლემები არ უნდა შეიქმნას, – ამბობენ ექსპერტები.
ევროპაში ვარაუდობენ, რომ 2023 წელს რუსული გაზის ექსპორტი 1979 წლის დონემდე დაეცემა.