ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გააგრძელოს შეზღუდვები უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე.
როგორც ცნობილია, ევროკომისიამ შეზღუდვა მაისში შემოიღო და ის 15 სექტემბრამდე მოქმედებდა.
შეზღუდვები ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ადგილობრივი ფერმერების დაცვის მიზნით შემოიღეს. ამ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის შესვლამ ბაზარზე ფასების ვარდნა გამოიწვია, რამაც ადგილობრივი ფერმერები დააზარალა.
თავის მხრივ, 16 სექტემბრიდან კიევმა ფასების ვარდნის თავიდან ასაცილებლად უნდა გააკონტროლოს ოთხი სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის – ხორბლის, ქერის, სიმინდის და მზესუმზირას ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. უკრაინამ აღნიშნული სამოქმედო გეგმა 18 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.
ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლონეთი 16 სექტემბრიდან გაახანგრძლივებს უკრაინული მარცვლეულზე შეზღუდვებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ პოლონეთი ტოვებს აკრძალვას, რადგან „ეს არის პოლონელი ფერმერების ინტერესებში“.
შეზღუდვების შენარჩუნებას გეგმავენ სლოვაკეთი და უნგრეთიც.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ საპასუხოდ განაცხადა, რომ მეზობლებს „ცივილიზებულ პასუხს” გასცემს.
უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვის მოხსნას აპირებს ბულგარეთი.