ევროკავშირის მიერ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვები 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
შეზღუდვები ევროკავშირის ხუთ წევრ ქვეყანაში – პოლონეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში ადგილობრივი ფერმერების დაცვის მიზნით შემოიღეს.
ევროკომისია აცხადებს, რომ ეს ზომები აუცილებელია „სერიოზული ლოგისტიკური შეფერხებების გამო”. კომისიის განცხადების თანახმად, ბლოკი „15 სექტემბრისთვის მოხსნის“ შეზღუდვებს, რომლებიც ეხება უკრაინიდან ხორბალს, სიმინდს, რაფსსა და მზესუმზირას ექსპორტს.
რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ოკუპაციის შემდეგ, უკრაინა იძულებული გახდა მარცვლეული სახმელეთო გზით, ევროკავშირის ქვეყნების გავლით, გაეტანა.
ევროკავშირმა 2022 წლის მაისში უკრაინას მოუხსნა სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის გადასახადები. თუმცა, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის ტალღამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფასები დაწია და ბაზრის გაჯერება გამოიწვია, რის გამოც უკრაინის ხუთმა მეზობელმა ქვეყანამ აპრილში იმპორტი ცალმხრივად აკრძალა.
უკრაინამ მოუწოდა ევროკავშირს, არ გაეგრძელებინა შეზღუდვები, რომელსაც ვადა 5 ივნისს გაუვიდა. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ეს ზომები პუტინისთვის „დამატებითი იარაღის” მიწოდებას შეადარა. ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა მიღებულ ზომებს „პროტექციონისტული და სასტიკი” უწოდა.
ევროკომისია დაჰპირდა უკრაინას, რომ წლევანდელი მოსავლის ექსპორტში დაეხმარება.