ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში, რომელიც 10 მაისს უნდა განიხილონ, შეიძლება, სომხური კომპანიებიც შეიყვანონ. ამის შესახებ Financial Times წერს.
ჩამონათვალში, სავარაუდოდ, იქნება სომხეთში დაფუძნებული კომპანია Taco LLC, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში უკვე არის.
შპს Taco არის რუსული შპს Radioavtomatika-ის პარტნიორი, რომელიც ელექტრონული კომპონენტების მიწოდებასა და ტესტირებას ახორციელებს. ის ასევე ეწევა ელექტრონული და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებისა და ნაწილების საბითუმო ვაჭრობას.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, Taco ეხმარება Radioavtomatika-ს კომპონენტების შესყიდვაში და ახორციელებს მომსახურების მხარდაჭერას.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების სიაში კიდევ ერთი სომხური კომპანია შედის – სომხეთში დაფუძნებული Milandr-ის შვილობილი კომპანია Milur Electronics LLC, რომელიც ინტეგრირებული მიკროჩიპების წარმოებასა და საზღვარგარეთ ექსპორტს ახორციელებს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული კომპანია ამარაგებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.
რუსეთი სომხეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2022 წლის თებერვლის შემდეგ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით არის გაზრდილი ექსპორტი სომხეთიდან. სომხეთში დარეგისტრირდა ათასობით რუსული კომპანიაც.