ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა მკაცრი ზომები უნდა გაატაროს ინდოეთიდან საწვავის იმპორტის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობიდან არის წარმოებული. ამის შესახებ Financial Times წერს.
ბორელის თქმით, ბრიუსელმა იცის, რომ ინდოეთის გადამამუშავებელი საწარმოები დიდი ოდენობით რუსულ ნედლ ნავთობს ყიდულობენ და საწვავის სახით ევროპაში გააქვთ გასაყიდად.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ”, – აცხადებს ბორელი, – რათა შევაჩეროთ ნავთობის ნაკადი რუსეთიდან ინდოეთში, რომელიც გახდა რუსული ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსყიდველი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
„დიზელი ან ბენზინი, რომელიც ევროპაში ინდოეთიდან შემოდის და იწარმოება რუსულ ნავთობზე, ეს, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლით ხდება და წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები… თუ ისინი ყიდიან, ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაც ყიდულობს და ჩვენ უნდა ვნახოთ ვინ ყიდულობს“, – დასძინა ბორელმა.
ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია ზომები ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის ევროპაში გადაყიდვის შესაჩერებლად, მაგრამ ბორელმა განაცხადა, რომ ამ საკითხს განიხილავს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ცნობისთვის, 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა შეწყვიტა რუსული ნავთობის იმპორტი. 2023 წლის თებერვალში აკრძალვები დაწესდა რუსულ ნავთობპროდუქტებზეც. ინდოეთი და ჩინეთი ფასების ზღვართან დაკავშირებულ შეთანხმებას არ შეუერთდნენ.
თურქეთი, ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნავთობპროდუქტების მთავარ მყიდველებად რჩებიან.
2023 წლის მარტში როსნეფტს და ინდურ ნავთობკომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რითაც ინდოეთმა რუსული ნავთობის შესყიდვები გაზარდა.
2023 წლის 11 მაისის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი 10-ჯერ გაზარდა. უკრაინის ომამდე რუსული ნავთობი ინდოეთის მთლიანი იმპორტის მხოლოდ 2%-ს შეადგენდა. ახლა ეს მაჩვენებელი თითქმის 20%-ია.