უკრაინაში ომის მესამე წლისთავისთვის ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტს ამზადებენ. ევროსაბჭოში სანქციების ტექსტის განხილვა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი დიდი ხანია ითხოვენ ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირისა და ბირთვული ენერგიის იმპორტის აკრძალვას, ხოლო სკანდინავიურ ქვეყნებს რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტის” შეზღუდვა სურთ, რომელიც სანქციების გვერდის ავლით აგრძელებს გადაზიდვებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელის თქმით, მე-15 პაკეტი რუსეთის მიერ ტექნოლოგიების შეძენის წინააღმდეგ იქნება მიმართული. სანქციების ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ კომპანიები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთს.
ასევე ფინანსური სანქციები შესაძლოა, გავრცელდეს ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირიდან აკრძალული ტექნოლოგიების რუსეთში რეექსპორტს ახორციელებენ.