ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტს ამზადებს. ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, ოქტომბრის პირველ ნახევარში ან ევროკავშირი-აშშ სამიტის დროს გამოცხადდება, რომელიც მომავალ თვეშია დაგეგმილი. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ამავე დროს, გამოცხადდება გადაწყვეტილებაც, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას შეეხება.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯგუფი, მათ შორის, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ითხოვენ დამატებითი სანქციების დაწესებას რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირისა და IT სერვისების მიმართ.
ახალი სანქციები, სავარაუდოდ, შეეხება რუსული ბრილიანტების აკრძალვასაც.
ქვეყნების ჯგუფი ასევე ითხოვს შეზღუდვების შემოღებას რუსეთის ატომურ სექტორზე. მაგრამ ამ მცდელობებს უკვე არაერთხელ გაუწიეს წინააღმდეგობა, რადგან მას ძალიან ბევრი წევრი სახელმწიფო არ იწონებს.
გარდა ამისა, ახალი სანქციების პაკეტში შეიძლება შევიდეს მექანიზმები, რომელიც შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, გვერდი აუაროს ევროკავშირის სანქციებს მესამე ქვეყნების მეშვეობით, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი.