G7-ის ქვეყნები და ევროკავშირი გეგმავენ რუსული გაზის იმპორტის იმ მარშრუტებით აკრძალვას, რომლითაც ადრე ბუნებრივი აირი მიეწოდებოდათ და მოსკოვმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადაკეტა. ამის შესახებ Financial Times წერს.
ამ გადაწყვეტილებით მათ სურთ, თავიდან აიცილონ რუსული მილსადენით აირის მიწოდების აღდგენა პოლონეთისა და გერმანიისთვის, რომლებსაც რუსეთმა აირი შარშან შეუწყვიტა. დოკუმენტში წერია, რომ გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, ევროპამ თავიდან აიცილოს „რუსეთის ენერგეტიკული იარაღით ადრე დაკეტილი გზების ხელახალი გახსნა“.
საბოლოო გადაწყვეტილება G7-ის ლიდერებმა ჰიროსიმას სამიტზე უნდა მიიღონ, რომელიც 19 მაისს დაიწყება.
თუ ქვეყნები შეთანხმდებიან, ეს იქნება რუსული გაზის ექსპორტის წინააღმდეგ დაწესებული პირველი შეზღუდვა, ომის დაწყების შემდეგ.
ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციების მეთერთმეტე პაკეტში შეიტანა რუსული ნავთობის ტრანსპორტირების შეჩერება Druzhba-ს მილსადენით გერმანიასა და პოლონეთში.