ევროკავშირი იწყებს ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაფინანსებას, სახელწოდებით Far North Fiber, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს იაპონიასთან არქტიკის გავლით დააკავშირებს.
პროექტი 3 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება და მის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები იაპონიიდან, აშშ-დან და ფინეთიდან.
როგორც Reuters იტყობინება, თავდაპირველად, პროექტში რუსული კომპანია MegaFon-ის ჩართვასა და კაბელის რუსეთის არქტიკულ სანაპიროზე გაყვანას აპირებდნენ, მაგრამ 2021 წელს გეგმა შეცვალეს იმის გამო, რომ რუსეთმა მის ტერიტორიულ წყლებზე კაბელის გაყვანის ნებართვა არ მისცათ, ხოლო შემდეგ, გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
კაბელი ჩრდილოეთ ამერიკის არქტიკულ ოკეანეში გაივლის და ჩრდილოეთ ფინეთსა და ნორვეგიას ალასკასთან და იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოსთან დააკავშირებს.
Far North Fiber აღნიშნავს, რომ ახლა იაპონიასა და ევროპას შორის მონაცემთა გადაცემის სამი კაბელია: ერთი – წყნარი ოკეანის, კონტინენტური შეერთებული შტატებისა და ატლანტის ოკეანის გავლით, მეორე – ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთის ოკეანისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გავლით.
კიდევ ერთი კაბელი გადის რუსეთის ტერიტორიაზე.
პროექტის მიხედვით, ახალმა კაბელმა უნდა უზრუნველყოს მონაცემთა გადაცემა 20%-ით უფრო სწრაფად, წყნარი ოკეანისა და ახლო აღმოსავლეთის მარშრუტებთან შედარებით.
მშენებლობის დასრულების თარიღი 2026 წელია.
დანია, ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი ვარაუდობენ, რომ რუსული სამხედრო გემები ბალტიისა და ჩრდილოეთ ზღვებში აგროვებენ მონაცემებს ქარის ელექტროსადგურების, გაზსადენებისა და დივერსიების შესახებ. ახალი საკომუნიკაციო კაბელის მშენებლობაც ამ საფრთხეების შესახებ მონაცემების გაცვლას ემსახურება.