ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე. ამის შესახებ წერია ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
„ევროპის საბჭო მიესალმება სანქციების მე-12 პაკეტის მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 1 იანვრიდან, სხვა შეზღუდვებთან ერთად, მოხდება ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ალმასის იმპორტის ეტაპობრივი აკრძალვა.
მიუხედავად იმისა, რომ პაკეტის ტექსტი ყველა ქვეყანასთან შეთანხმებული იყო, ავსტრიამ საბოლოო დასკვნის მიღება ხუთშაბათს გვიანობამდე შეაჩერა.
ავსტრია, თანხმობის სანაცვლოდ, ცდილობდა Raiffeisen Bank -ის, რუსეთში უმსხვილესი დასავლური ბანკის, უკრაინის მიერ შედგენილი შავი სიიდან ამოღებას.
თუმცა, როგორც Reuters წერს, ავსტრიული Raiffeisen Bank კვლავ არის „ომის სპონსორების” სიაში.
სანქციების ახალი პაკეტი, რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვის გარდა, მოიცავს ზომების გამკაცრებას რუსული ნავთობის ფასზე დადგენილ ლიმიტებზე. აგრეთვე, კონტროლის გამკაცრებას ორმაგი დანიშნულების საქონლის მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში რეექსპორტზე.
ამასთან, ამოქმედდება შეტყობინების მექანიზმი რუსეთის მოქალაქეების ან იურიდიული სუბიექტების მიერ ევროკავშირიდან $110 ათასის გადარიცხვაზე.