გერმანია ზომიერი რეცესიის წინაშე დგას, აჩვენა ბოლო გამოკითხვამ, რომელიც ევროკავშირის უდიდეს ეკონომიკაში სერიოზულ სირთულეებზე მიუთითებს. რეცესიამ გერმანიაში ეკონომიკური ვარდნა შეიძლება ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოიწვიოს.
ანალიტიკოსების აზრით, წლის მესამე კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 0,1%-ით შემცირდება. მათი შეფასებით, აქილევსის ქუსლად რჩება ქვეყნის ინდუსტრიული სექტორი. მეორე კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 0,1%-ით შემცირდა.
რეცესიაა, როცა მშპ-ს უარყოფითი ზრდა ორი კვარტლის განმავლობაში გრძელდება. რეცესია იწვევს საფონდო ინდექსების მასობრივ ვარდნას.
გერმანიაში რეცესიის მთავარ მიზეზად ექსპერტები რუსეთიდან იაფი ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტას ასახელებენ. ამას ემატება ჩინეთში გერმანულ საქონელზე მოთხოვნის გაუარესება, ავტომწარმოებლების პრობლემები და კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი. გარდა ამისა, გერმანიაში შემცირებულია მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, ინფლაციისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე.
მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 11 ათასმა გერმანულმა კომპანიამ გაკოტრების შესახებ განაცხადა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 10 წლის განმავლობაში.
2025 წელს ანალიტიკოსები 0,8%-იან ზრდას ელიან. ადრე ისინი 1%-ზე დაბალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდნენ.
პ.ს. ოქტომბერში გერმანიის ეკონომიკური განწყობა მოულოდნელად გაუმჯობესდა, სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით, რაც განპირობებულია მზარდი ოპტიმიზმით, რასაც ქმნის საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი შემცირება და ექსპორტის უკეთესი პერსპექტივა.