2020 და 2021 წლებში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კლების შემდეგ, ევროკავშირის მოსახლეობა ზედიზედ მეორე წელია იზრდება. განახლებული მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრისთვის მოსახლეობის რაოდენობამ 449,2 მილიონს მიაღწია, რაც 2023 წლის 1 იანვართან შედარებით 1,6 მილიონით მეტია. მონაცემები ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა.
თუმცა, ზრდა შობადობის მატებას არ გამოუწვევია. 2023 წელს მოსახლეობის ზრდა უკავშირდება COVID-19-ის შემდგომ გაზრდილ მიგრაციას და უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შედინებას, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი თავშესაფრის სტატუსი მიიღეს.
უფრო ხანგრძლივ პერიოდ თუ ვნახავთ, გამოჩნდება, რომ ევროკავშირის მოსახლეობა 1960 წლის შემდეგ(354,5 მილიონი) 94,7 მილიონი ადამიანით გაიზარდა. მოსახლეობის ზრდის ტემპი თანდათან შენელდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში: ევროკავშირის მოსახლეობა 2015-2024 წლებში საშუალოდ წელიწადში 0,6 მილიონი ადამიანით იზრდებოდა, მაშინ როცა 1960-იან წლებში საშუალო ზრდა 2,9 მილიონი ადამიანი იყო.
2020 წელს ევროკავშირის მოსახლეობა დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანით შემცირდა, ხოლო 2021 წელს, COVID-19 პანდემიის გამო, თითქმის 0,3 მილიონი ადამიანით მოიკლო. მომდევნო წელს კი, როგორც ახალი სტატისტიკა აჩვენებს, აღდგენა დაიწყო.
მძიმე დემოგრაფია
მოგეხსენებათ, რომ ევროპაში რთული დემოგრაფიული ვითარებაა. მოსახლეობა დაბერებას განიცდის. კერძოდ, 65 წელზე მეტი ასაკის პირთა წილი 2003 წლის დასაწყისში არსებული16,2%-დან 2023 წლის დასაწყისში 21,3%-მდე გაიზარდა.
ამასთან, 2023 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 81,5 წელს მიაღწია, 2003 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 77,7 წელს, ხოლო 2022 წელს 80,6 შეადგენდა.